“ოქროს ტალღა 2015” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება

სიმღერის კონკურსის “ოქროს ტალღა 2015” გამარჯვებულთა დაჯილდოების ცერემონია დღეს გაიმართება. რადიო ჰოლდინგ “ფორტუნას” მუსიკალური პროექტი ”ოქროს ტალღა ” უკვე მესამე წელია ტარდება.

პროექტი ახალგაზრდა მომღერლების აღმოჩენას და ცნობილი მომღერლების, კომპოზიტორების, ამ სფეროს წარმომადგენლების მხარდაჭერას ისახავს მიზნად.

წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვებულს რადიოჰოლდინგი „ფორტუნა“ ფულად პრიზს - 5 ათას ლარს გადასცემს. სხვა ნომინაციებში გამარჯვებულებისთვის კი „ოქროს ტალღის“ სკულპტურა მზადდება, რომელიც სპეციალურად პროექტისთვის მოქანდაკე ირაკლი წულაძემ შექმნა.

წლის სიმღერასთან ერთად, კონკურსში გამოვლინდებიან გამარჯვებულები შემდეგ ნომინაციებში- წლის მომღერალი ქალი, წლის მომღერალი მამაკაცი, წლის დუეტი, წლის ჯგუფი, წლის ანსამბლი, წლის პოპ სიმღერა, წლის ქალაქური სიმღერა, წლის დებიუტი, წლის აღმოჩენა, ხალხის რჩეული (ინტერნეტრჩეული), ჯილდო მუსიკის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის.

გარდა ამისა, რადიოჰოლდინგი “ფორტუნა” უფლებას იტოვებს, 2015 წლის განმავლობაში ეთერში გასული ყველაზე მოთხოვნადი სიმღერებიდან ოთხივე რადიოსადგურის ფავორიტები დაასახელოს.

ნომინაციებში გამარჯვებულების ვინაობა დაჯილდოების ცერემონიის დღეს გახდება ცნობილი. რაც შეეხება ხალხის რჩეულს, მის რეიტინგს გულშემატკივარი ყოველდღიურად ინტერნეტის საშუალებით გაეცნობა. კონკურსში “ოქროს ტალღა” მონაწილეთა სია 2015 წლის განმავლობაში ოთხივე რადიოსადგურში შემოსული და ეთერში გასული სიმღერებით შედგა. პროექტში დღეისთვის 75 სიმღერა მონაწილეობს.

დაჯილდოების ცერემონია „ოქროს ტალღა“ პირველად 2013 წელს ჩატარდა. წლის სიმღერის კატეგორიაში გამარჯვება ნოდიკო ტატიშვილისა და სოფო გელოვანის დუეტმა მოიპოვა. 2014 წელს წლის სიმღერის ნომინაციაში გამარჯვებულის ტიტული ანრი ჯოხაძის სიმღერას ”განა ყველა ქალი ქალია ” მიენიჭა, შემსრულებელს ფულადი ჯილდო, 5000 ლარი გადაეცა.