მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას კიდევ 99 დასახლება დაემატება

მაღალმთიან დასახლებათა ნუსხას კიდევ 99 დასახლება დაემატება. როგორც პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა, ეს ნიშნავს, რომ კიდევ დამატებით 38 ათასი ისარგებლებს იმ სოციალური შეღავათებით, რომლითაც „მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში“ მყოფი ადამიანები სარგებლობენ.

„მაღალმთიან დასახლებათა ნუსახაში 99 დასახლების შეტანა, რომელიც მოიცავს მთლიანობაში 38 ათას ადამიანს, ძალიან მნიშვნელოვანია, ვინაიდან დამატებით 38 ათას ადამიანს შეეხება ის სოციალური შეღავათები, რომელიც კანონით არის გათვალისწინებული. ეს კანონი კი ჩვენ სულ ახლო წარსულში მივიღეთ“, - განაცხადა კვირიკაშვილმა.

როგორც პრემიერმა განმარტა, დღემდე ამ 99 დასახლების ნუსხაში არყოფნა გამოწვეული იყო იმით, რომ არ არსებობდა ზუსტი ნუსხა და სისტემატიზირებული მონაცემები.

„ჩვენ ეს სისტემა დავხვეწეთ და აქედან გამომდინარე, შემოვდივართ წინადადებით, რომ 38 ათასი ადამიანი, 99 ახალი დასახლება დაემატოს ნუსხას“, -აღნიშნა პრემიერმა.