საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ 5-წლიანი მუშაობა შეაჯამა

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტომ ხუთწლიანი მუშაობის შემაჯამებელი ანგარიში წარადგინა. სააგენტოს დირექტორმა მამუკა ახალაძემ სააგენტოს მუშაობის მთავარ მიღწევად ევროკავშირის მიერ ქართველი მეზღვაურების აღიარების დაბრუნება და ქართული დროშის შავი სიიდან ამოღება დაასახელა.

საქართველოს სულ 9 500 რეგისტრირებული მეზღვაური ჰყავს, რომელთა უმეტესობაც დასაქმებულია უცხოურ კომპანიებში. მამუკა ახალაძის განმარტებით, ქართველი მეზღვაურები საერთაშორისო ბაზარზე კარგი რეპუტაციით გამოირჩევიან და ქართული ეკონომიკის განვითარებაშიც დიდი წვლილი მიუძღვით.

„საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ხუთწლიანი მუშაობის შედეგებია ევროკავშირის მიერ ქართველი მეზღვაურების აღიარების დაბრუნება; ქართული დროშის შავი სიიდან ამოღება და შემდგომი განვითარება; წარმატებული საერთაშორისო საზღვაო ორგანიზაციის აუდიტი, რომელიც 2015 წელს ჩავაბარეთ; გამართული საზღვაო საკანონმდებლო ბაზა; დახვეწილი საზღვაო სერვისები; გამკაცრებული კონტროლი ნავსადგურებსა და ნავსადგურებთან დაკავშირებულ მომსახურებაზე“, - აღნიშნა მამუკა ახალაძემ.

მანვე სააგენტოს სამომავლო გეგმებზეც ისაუბრა. წელს პირველად ბათუმში 12-16 სექტემბერს ჩატარდება საერთაშორისო საზღვაო გამოფენა Maritime Georgia. მამუკა ახალაძის განმარტებით, აღნიშნული ფორუმი ხაზს გაუსვამს საქართველოს მნიშვნელობას რეგიონში საზღვაო დარგის განვითარების კუთხით.