IPResearch - ის მიერ თბილისში ჩატარებული კვლევის მიხედვით ”რადიო პალიტრა” ყველაზე რეიტინგული რადიოების ხუთეულში მოხვდა

კვლევით-ანალიტიკურმა ცენტრმა IPResearch, თბილისში რადიოაუდიტორიის კვლევა ჩაატარა. კვლევა მიზნად ისახავდა რადიოს მოსმენის ჩვევების შესწავლას - თუ სად, როდის და რას უსმენენ რესპონდენტები. კვლევამ საინტერესო ტენდენციები გამოკვეთა რადიოს მსემენელების ჩართულობასა და სხვადასხვა რადიოსადგურების მიერ მსმენელებისთვის შეთავაზებულ პროდუქტებთან დაკავშირებით. რადიოაუდიტორიის კვლევა თბილისში 2016 წლის 9-31 მაისს განხორციელდა. კვლევის ფარგლებში, შემთხვევითი შერჩევის მეთოდით, 1000 სატელეფონო ინტერვიუ შედგა. კვლევა ეხებოდა 34 რადიოს, რომლებიც საქართველოში მაუწყებლობენ.

კვლევის მენეჯერი ნატო მღებრიშვილი:

”სატელეფონო კვლევა ჩატარებულია ყველა წესის დაცვით. სტატისტიკური ცდომილება არ აღემატება 4%- ს. კვლევის შედეგების მიხედვით გამოიკვეთა, რომ საინფორმაციო გადაცემები მსმენელთა მაღალი ჩართულობით გამოირჩევა”.

მისივე თქმით, ანალოგიური კვლევების ჩატარებას მუდმივი ხასიათი აქვს: ”ანალოგიური კვლევები სისტემატურად ტარდება. კვლევევბის მიზანი რადიოაუდიტორიაში არსებული ტენდენციების კვლევაა”, - ამბობს ნატო მღებრიშვილი.

რადიოაუდიტორიის კვლევის ფარგლებში გამოკითხულთა 42,9% მამაკაცი, ხოლო 57,1% ქალი იყო. ასაკის მაჩვენებელი კი ასე გადანაწილდა:

12-17 წლის ახალგაზრდები - 7,6 %; 18-24 წლის მოქალაქეები 15,5%; 25-34 წლის - 21,6%; 35-44 წლის - 22,8%; 45-54 წლის - 19,2%, ხოლო 55-64 წლის მოქალაქეების პროცენტულმა მაჩვენებელმა - 13,3% შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ყველაზე მეტი მსმენელი რადიოს ჰყავს 35-44 ასაკობრივ კატეგორიაში და ამ ნაწილში ,,რადიო პალიტრა’’ სხვა რადიოებს უსწრებს წინ.

კვლევის შედეგების მიხედვით, გამოკითხულთა 33,8 % დასაქმებული არ არის. 66,2 % კი დასაქმებულია. გამოკითხულთა 22,3%-ს ჰყავს ავტომობილი, ხოლო 77,7 %-ს არა.

პირველ 5 რადიოს შორის, რომლებსაც რესპონდენტები უკანასკნელი ერთი თვის განმავლობაში უსმენდნენ, ”რადიო პალიტრა” - 103.9; ”არ დაიდარდო” - 96.70; ”დარდიმანდი” - 97.1; ”რადიო ფორტუნა + ” 103.40 და ”ფორტუნა” - 106.9 მოხვდა. პროცენტული მაჩვენებლების მიხედვით, პირველი ადგილი რადიომ ”არ დაიდარდო” დაიკავა, მეორე - ”ფორტუნამ”, მესამე ადგილი წილად ხვდა ”რადიო ფორტუნა +” -სს, მეოთხე ადგილი - ”რადიო პალიტრას”, მეხუთე ადგილი კი - რადიო ”დარდიმანდს”.

ის სამეული, რომლის საინფორმაციო გამოშვებებსაც რესპონდენტები ყველაზე ხშირად უსმენენ, ასე გამოიყურება: ”რადიო პალიტრა”, ”მაესტრო”, ”რადიო იმედი”. აღსანიშნავია, ”მაესტროს” უსმენს 11,7%; ”რადიო პალიტრას” უსმენს გამოკითხულთა 8,6%; რადიო იმედს - 8,3%; ხოლო შეკითხვაზე პასუხის გაცემა უჭირს 8,0%-ს. დანარჩენი რადიოების მაჩვენებლები, რომლებიც ამ რადიოების სიხშირეზე საინფორმაციო გამოშვების მოსმენას ადასტურებს, 0,0% დან 2,8%-მდე მერყეობს.

როგორც ”ბიზნესპრესნიუსთან” საუბრისას ”რადიო პალიტრის” მარკეტინგის მენეჯერი ვახო მძინარაშვილი აღნიშნავს, პირველ ხუთეულში მოხვედრა რადიოსთვის მნიშვნელოვანი წარმატებაა. საინფორმაციო გადაცემის კუთხით მეორე ადგილის დაკავება კი საინფორმაციო გამოშვების მაღალ რეიტინგს ადასტურებს.

”ნამდვილად სასიხარულოა რომ ”რადიო პალიტრა” ბოლო კვლევების მიხედვით ლიდერ პოზიციაზეა. აღსანიშნავია, რომ მეორე და მესამე ადგილზე გასული რადიოები მხოლოდ 1.5% და 1.2%-ით უსწრებენ „პალიტრას“. ეს, პირველ რიგში არის იმ გუნდის დამსახურება, რომელმაც თავდაუზოგავი შრომით მიაღწია ამ შედეგს. ასევე გარკვეული წვლილი მიუძღვის იმ ცვლილებებსაც, რომლებიც განხორციელდა. შეიცვალა ლოგოს ფერი და სტილი, გახდა უფრო თანამედროვე, მეტი ყურადღება დაეთმო მუსიკას, დაემატა სხვადასხვა მისუკალური რუბრიკები: „ქართული მუსიკის პალიტრა“, „კინო მუსიკა“ „ოქროს ჰიტი“ .

”რადიო პალიტრა“ როგორც ყოველთვის დღესაც აშუქებს აქტუალურ პოლიტიკურ, სოციალურ ეკონომიკურ და კულტურულ მოვლენებს, არჩევს ხარისხიან, პოპულარულ მუსიკას საუკეთესო განწყობის შესაქმნელად. ჩვენს მსმენელთა რიცხვს მიეკუთვნებიან საქმიანი, საზოგადოებრივად აქტიური ადამიანები რომლებსაც აინტერესებთ ქვეყანასა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე მოვლენები და მათი ანალიზი. ჩვენ მათ საშუალებას ვაძლევთ ოპერატიულად მიიღონ სანდო, მიუკერძოებელი ინფორმაცია, გაიგონ მთავარი, პირდაპირ ეთერში მოუსმინონ და კთხვები დაუსვან ხელისუფლებისა და პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს ჩვენი პოლიტიკური თოქ-შოუების საშუალებით, რომლის წამყვანებიც საზოგადოებისთვის ცნობილი სახეები არიან. მამუკა არეშიძე - „კავკასიური პალიტრა“, ნათია გამცემლიძე - ”მეხუთე სართულზე“ და კობა ბენდელიანი - „პოლიტიკური დეტექტორი“. „პალიტრის მსმენელს ასევე აქვს საშუალება გაეცნოს მისთვის საინტერესო კონკრეტული დარგის სიახლეებს და მიიღოს რჩევები ექსპერტებისაგან ჯანდაცვის, ეკონომიკის, ბიზნესის, ეკოლოგიისა თუ სხვა დარგში.

მსმენელთათვის მნიშვნელოვანი ფაქტორია სტაბილურობა, სწორედ ეს მახასიათებელია, რაც უმთავრესად განსაზღვრავს ”რადიო პალიტრის” დღევანდელ შედეგს. 8 წლის განმავლობაში ”რადიო პალიტრა” სტაბილურად ვითარდებოდა მთავარი მისიის შესასრულებლად - „საზოგადოებისთვის მიეწოდებინა სანდო და მიუკერძოებელი ინფორმაცია“, მიუხედავად ქვეყანაში მიმდინარე ცვლილებისა ”რადიო პალიტრამ” შეინარჩუნა მთავარი ფასეულობები მიუკერძოებულობა, ობიექტურობა, სანდოობა და ოპერატიულობა“, - აცხადებს ვახო მძინარაშვილი.

აღსანიშნავია, რომ კვლევის შედეგების გათვალიწინებით, ”რადიო პალიტრის” მსმენელთა პროცენტული მაჩვენებლები რაიონების მიხედვით ასე გადანაწილდა: ისანი-სამგორის რაიონში 9,6% პალიტრას უსმენს, გლდანი-ნაძალადევში 14,2%, მთაწმინდა კრწანისში 8,1%, დიდუბე-ჩუღურეთში 13,7%, ვაკე-საბურთალოში 16,3% - ამ რაიონში ის ყველა რადიოს უსწრებს წინ.

”რადიო პალიტრა” ეთერში 2008 წელს გავიდა. საზოგადოებრივ-პოლიტიკური რადიოს მიზანი მსმენელებისთვის საჭირო ინფორმაციის ობიექტურად და ოპერატიულად მიწოდებაა. მაუწყებლობის საერთო მოცულობა 24 საათია. რადიო თავის მსმენელებს საზოგადოებრივ-პოლიტიკურ და შემეცნებით რადიოპროექტებს სთავაზობს.