საფრანგეთის საელჩო თბილისში მედიკამენტების გაყალბების თემაზე კონფერენციას გამართავს

საფრანგეთის საელჩოს შიდა უსაფრთხოების სამსახური, 28 და 29 ივნისს, თბილისში, მედიკამენტების გაყალბების თემაზე პირველ საერთაშორისო კონფერენციას გამართავს.

საქართველოში საფრანგეთის საელჩოს ინფორმაციით, კონფერენციაში მონაწილეობას მიიღებენ ქართველი, სომეხი და ფრანგი ექსპერტები.

როგორც საელჩოს ინფორმაციაშია ნათქვამი, ფალსიფიცირებული მედიკამენტები წარმოადგენენ მზარდ სანიტარულ პრობლემას, ეს არის მსოფლიო საფრთხე როგორც უსაფრთხოების, ისე ჯანმრთელობის დაცვის თვალსაზრისით, განვითარების შემაფერხებელი ფაქტორი და რეალური პრობლემა.

კონფერენციას აქვს ორი მიზანი: საფრანგეთის მხარდაჭერით ხელი შეუწყოს საქართველოს და სომხეთს შორის რეგიონულ თანამშრომლობას მედიკამენტების გაყალბების სფეროში და ამ საუწყებათშორისო პროექტის განხორციელებით, რომელშიც მონაწილეობას მიიღებენ ფარმაცევტული სექტორის კერძო კომპანიები და უნივერსიტეტის წარმომადგენლები, როგორიცაა სომხეთში არსებული ფრანგული უნივერსიტეტი (UFAR) და თბილისის ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, გამოავლინოს გაყალბებული მედიკამენტებით გამოწვეული საფრთხე და შეისწავლოს ამ სახის გაყალბებით გამოწვეული უსაფრთხოების საკითხები.

”გამოცდილების გაზიარება არის საშუალება იმ საფრთხის შესასწავლად, რომელსაც წარმოშობს უკანონო ვაჭრობა სამხრეთ კავკასიის რეგიონისთვის, როგორც საზოგადოებრივი ჯანდაცვის სფეროში, აგრეთვე საერთაშორისო კრიმინალური ორგანიზაციების წინააღმდეგ ბრძოლის თვალსაზრისით.

ფრანგული მხარის მიერ წამოყენებული ეს ინიციატივა, რომელსაც მხარს უჭერს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო, წარმოადგენს შესაძლებლობას სხვადასხვა სამინისტროების, პოლიციის, საბაჟოს იუსტიციის ექსპერტების და მკვლევარების შეხვედრისთვის.

მათი მოსაზრებები და გამოცდილება დაეხმარება ამ მოვლენის და მისგან გამომდინარე მიზნების და ახალი ტენდენციების უკეთ გამოვლენაში. უნდა შემუშავდეს რეკომენდაციები იურიდიული და ჯანმრთელობის დაცვის სფეროში, რომელიც გახდება ახალი სტრატეგიის დასაწყისი ამ საკითხთან დაკავშირებით”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე