თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა

თბილისში 320 ადგილიანი სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დასრულდა. როგორც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში აცხადებენ, მუნიციპალური განვითარების ფონდმა ლისის ტბის ფერდობზე 320 ადგილიანი თანამედროვე სტუდენტური საერთო საცხოვრებლის მშენებლობა დაასრულა. დღეს ახლად აშენებული კომპლექსი დაათვალიერეს განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა ალექსანდრე ჯეჯელავამ, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველმა მოადგილემ ილია დარჩიაშვილმა და მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელმა დირექტორმა ჯუანშერ ბურჭულაძემ.

”საერთო საცხოვრებელი საქართველოს სხვადასხვა მუნიციპალიტეტში მცხოვრები სოციალურად დაუცველი წარჩინებული სტუდენტების სასწავლო და საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს”, - აცხადებენ სამინისტროში.

მათივე ინფორმაციით, საერთო საცხოვრებელი საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად აშენდა და აღიჭურვა. როგორც პროექტით გათვალისწინებული იყო, აშენდა 3 საცხოვრებელი კორპუსი და ადმინისტრაციული შენობა. ასევე, გაკეთდა: კაფეტერია, საკონფერენციო ოთახი, სამედიცინო პუნქტი, ბიბლიოთეკა, კომპიუტერების ოთახი, სამრეცხაო და სხვა დამხმარე სახის ინფრასტრუქტურა, რაც სტუდენტებს მაქსიმალურად კომფორტულ გარემოს შეუქმნის.

შენობის გარეთ მოეწყო შიდა გზები და ბილიკები, ღია ტიპის სპორტული მოედანი, გარე ტრენაჟორები და მოეწყო გარე განათება. მოხდა ტერიტორიის კეთილმოწყობა და გამწვანება. სამუშაოები სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაფინანსდა და მისმა საერთო ღირებულებამ 5.250.777 ლარი შეადგინა.

მშენებლობა 2015 წელს პრემიერ-მინისტრის ინიციატივით რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს მუნიციპალური განვითარების ფონდმა დაიწყო. საცხოვრებელ კორპუსში სასტუმროს ტიპის ბინებია. მათ შორის, რამდენიმე ბინა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისათვის არის განკუთვნილი. შესაბამისად, საცხოვრებლის ინფრასტრუქტურა სრულად არის ადაპტირებული შშმ პირთათვის.

რაც შეეხება საერთო საცხოვრებელში სტუდენტთა განთავსებას, უახლოეს მომავალში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო ამ მიმართულებით წესსა და პროცედურებს შეიმუშავებს.