დიდუბის რაიონში 48 სკვერის რეაბილიტაცია დასრულდა

დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ სკვერების რეაბილიტაცია 48 მისამართზე დასრულდა. როგორც თბილისის მერიაში აცხადებენ, სკვერების ტერიტორიაზე მოეწყო ბორდიურები და დეკორატიული ფილები, დაიდგა საპარკე სკამები და ურნები. სკვერი შემოიღობა ლითონის დეკორატიული ღობით, პატარებისთვის კი დაიდგა სათამაშო ატრაქციონები კაუჩუკის რბილი იატაკით.

მერიის ინფორმაციით, დიდუბის რაიონის ტერიტორიაზე დამატებით 11 მისამართზე დამონტაჟდა საბავშვო გასართობი ატრაქციონი სასრიალოებით, კარუსელითა და საქანელებით.

”ამ ეტაპზე დაზიანებული სკვერების აღდგენის სამუშაოები მიმდინარეობს 10 მისამართზე, ხოლო წლის განმავლობაში დამატებით 30 სკვერი აღდგება. დიდუბის რაიონის გამგეობის მიერ წლის განმავლობაში პროექტის მიხედვით 9 ახალი სკვერი მოეწყობა”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

სკვერების რეაბილიტაციის სამუშაოებისთვისა და ატრაქციონების მონტაჟისთვის გამგეობის ბიუჯეტიდან 509 400 ლარი დაიხარჯა.