თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით 6 ივლისიდან დამატებითი მატარებელი იმოძრავებს

მგზავრთა ნაკადის მომატებასთან დაკავშირებით, 6 ივლისიდან თბილისი-ბათუმი-თბილისის მიმართულებით დამატებითი მატარებელი იმოძრავებს. ამის შესახებ ინფორმაციას „საქართველოს რკინიგზა“ ავრცელებს. კომპანიის ინფორმაციით, 4-ვაგონიანი ელექტრომატარებელი რეისებს ყოველდღიურად შეასრულებს.

”საქართველოს რკინიგზა“ მგზავრებს თითო მიმართულებაზე დამატებით 300 ადგილს შესთავაზებს. მატარებელი თბილისის ცენტრალური ვაგზლიდან გავა 07:20-ზე, ბათუმში ჩავა 12:50-ზე. ბათუმიდან გამოვა 16:35-ზე და თბილისში ჩამოვა 22:00-ზე. მგზავრებისათვის დამატებითი კომფორტის შესაქმნელად განრიგი მორგებულია საქალაქო ტრანსპორტს”, - აცხადებენ კომპანიაში. მათივე ინფორმაციით, 25 ივლისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებითი საგარეუბნო ოთხვაგონიანი ელექტრომატარებელიც დაინიშნება:

”შავი ზღვისპირეთში ტურისტული სეზონის დაწყებასთან დაკავშირებით და მგზავრთა მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად, „საქართველოს რკინიგზა“ 25 ივნისიდან ქუთაისი-ბათუმი-ქუთაისის მიმართულებაზე დამატებით საგარეუბნო ოთხვაგონიან ელექტრომატარებელს ნიშნავს. მატარებელი ქუთაისიდან გავა 08:25-ზე, ბათუმში ჩავა 11:05-ზე. ბათუმიდან გამოვა 18:45-ზე და ქუთაისში დაბრუნდება 21:30-ზე. მგზავრობის ღირებულება 4 ლარს შეადგენს”, - აღნიშნავენ კომპანიაში.