გიორგი კვირიკაშვილი - განათლება შრომის ბაზარზე ორიენტირებული უნდა იყოს

ჩვენ გვინდა ფუნდამენტურად შევცვალოთ ჩვენი განათლების სისტემა, ახალგაზრდებს უმუშევრობის პრობლემა აღარ უნდა ჰქონდეთ, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა პარტია ”ქართული ოცნების” ახალგაზრდული ორგანიზაციის ყრილობაზე განაცხადა.

მისივე თქმით, სწორედ ამიტომ, განათლების სისტემა უნდა შეცვალონ ისე, რომ ის იყოს შრომის ბაზარზე ორიენტირებული.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ახალგაზრდების ხელშესაწყობად დაიწყო სტარტაპების პროგრამა, რომელიც გულისხმობს პერსპექტიული, ინოვაციური ბიზნეს იდეების დაფინანსებას.

”როგორც წესი, ინოვაცია და საინტერესო ბიზნეს იდეები თქვენს თანატოლებს, მოტივირებულ ახალგაზრდებს აქვთ, მაგრამ არ აქვთ საწყისი კაპიტალი. სწორედ აქ დაგიდგებათ სახელმწიფო გვერდში და დაგიფინანსებთ საინტერესო იდეებსა და წამოწყებებს.

იმედი მაქვს, რომ თქვენ და თქვენი თანატოლები დაინტერესდებით ამ საქმით. ეს მოგცემთ თქვენი პოტენციალის გამოყენების საშუალებას, რის გარეშეც წარმოუდგენელია იყო რეალიზებული დღევანდელ ცხოვრებაში.

მინდა მოგიწოდოთ თქვენც და ყველა თქვენს თანატოლს - გამოიყენეთ შანსი, რომელიც დღეს გეძლევათ. თქვენ მოიტანეთ ახალი, ინოვაციური იდეები და ჩვენ გვერდში დაგიდგებით. თქვენთვის კეთდება ეს ყველაფერი”, - მიმართა პრემიერმა ახალგაზრდებს.