არჩილ მესტვირიშვილი - მცურავი კურსის პირობებში ვალუტის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება

მცურავი კურსის პირობებში ვალუტის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება, - ამის შესახებ ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტმა, არჩილ მესტვირიშვილმა განაცხადა.

როგორც მესტვირიშვილმა აღნიშნა, საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს, ”თუმცა ოპტიმისტური მოლოდინების გამო ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც ბუნებრივია კორექცია მოჰყვა”.

”ცენტრალური ბანკები, როგორც წესი, კურსის მოკლევადიან ცვლილებებზე კომენტარს არ აკეთებენ, ჩვენც ვცდილობთ თავი შევიკავოთ რომ არ გავაჩინოთ ბაზარზე გარკვეული მოლოდინები. საქართველოში საგარეო სექტორის კორექციის გამო, ლარს გამყარების ტენდენცია აქვს, თუმცა ოპტიმისტური მოლოდინების გამო ლარი იმაზე მეტად იყო გამყარებული, ვიდრე იმ მომენტისათვის არსებული ფუნდამენტური ფაქტორები განაპირობებდა, რასაც ბუნებრივია კორექცია მოჰყვა. ეს სავალუტო ბაზრისთვის დამახასიათებელი მოვლენაა და გაცვლით კურსს წრფივი დინამიკა არასოდეს აქვს. დამატებით ბრიტანეთის რეფერენდუმის შედეგებმა საერთაშორისო ბაზრებზე გამოიწვია სავალუტო კურსების ცვლილება და მათ შორის, მოლოდინების არხით გავლენა იქონია ლარის კურსზე. გასათვალისწინებელია, რომ მცურავი კურსის პირობებში კურსის გაუფასურებას აუცილებლად გამყარება მოჰყვება”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა.

”ჩვენი ყველაზე დიდი გამოწვევა სესხების დოლარიზაციაა. მსესხებლებს ვურჩევთ სესხი აიღონ მხოლოდ ეროვნული ვალუტით, ასევე გრძელვადიანი დანაზოგი უმჯობესია გახორციელდეს ეროვნული ვალუტით. მოსახლეობამ და ბიზნესმა, თუ არ უნდათ დამატებითი რისკების აღება, მაშინ უნდა შეიძინონ უცხოური ვალუტა და მაშინ გაყიდონ როდესაც ეს სჭირდებათ, კურსის პროგნოზირების მცდელობისა და ამის საფუძველზე გადაწყვეტილებების მიღებისაგან თავი უნდა შეიკავონ”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.

მისივე თქმით, ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და სებ-ის გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება.

”გვინდა კიდევ ერთხელ შეგახსენოთ, რომ ეროვნული ბანკის მიზანი ფასების სტაბილურობაა და ჩვენი გადაწყვეტილებებიც ამ ამოცანის შესრულებას ემსახურება. მოსახლეობის კეთილდღეობისა და დასაქმებისათვის მნიშვნელოვანია დაბალი ინფლაციისა და მდგრადი ეკონომიკური ზრდის კომბინაცია და არა ლარის გაცვლითი კურსის მოკლევადიანი დინამიკა. საქართველოში გვაქვს რეგიონის ქვეყნებთან შედარებით მაღალი ზრდა და მომავალში მოსალოდნელია, რომ ზრდა უფრო მაღალი იქნება. ინფლაცია არის დაბალი, რაც მიუთითებს, რომ კურსს გრძელვადიან დინამიკაში გამყარების ტრენდი ექნება”, - განაცხადა მესტვირიშვილმა.