ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება

საქართველოს ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური სამუშაო ვიზიტით იაპონიაში იმყოფება. როგორც ფინანსთა სამინისტროში აცხადებენ, ნოდარ ხადური 30 ივნისიდან - 1 ივლისის ჩათვლით, ქ. კიოტოში, მონაწილეობას მიიღებს ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ორგანიზაციის (OECD) და დიდი ოცეულის (G 20) მიერ ინიცირებულ დასაბეგრი ბაზის შემცირების და მოგების გადატანის (BEPS) ინკლუზიური პლატფორმის პირველ შეხვედრაში, რომელშიც საქართველო წარმოდგენილი იქნება, როგორც BEPS-ის ასოცირებული წევრი.

ვიზიტის ფარგლებში, ასევე, დაგეგმილია ფინანსთა მინისტრის ორმხრივი შეხვედრები.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, დღეს, ფინანსთა მინისტრი ნოდარ ხადური შეხვდა იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს (JICA) ვიცე-პრეზიდენტს კაე იანაგისავას.

მათი ინფორმაციით, შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და იაპონიის საერთაშორისო თანამშრომლობის სააგენტოს შორის თანამშრომლობის გაღრმავების მიზნით სამომავლო პერსპექტივა, რაც გულისხმობს JICA-ს მიერ საქართველოში დასაფინანსებელი საინვესტიციო პროექტების პორტფელის გაზრდას.