დღეიდან ახალი პროექტი „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ დაიწყო

ახალი პროექტი „მიკრო გრანტები მთის განვითარებისათვის“ დღეიდან დაიწყო, - ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში აცხადებენ.

მათი ინფორმაციით, მაღალმთიან რეგიონში ბიზნესის წამოწყების მსურველებს უნიკალური შესაძლებლობა ეძლევათ - 27 ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით სახელმწიფო პროგრამის „აწარმოე საქართველოში“ ფარგლებში აღნიშნულ რეგიონებში მცხოვრებ დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ წარადგინონ საკუთარი ბიზნეს იდეები ვებგვერდზე www.qartuli.ge და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტოს დახმარებით წამოიწყონ საკუთარი საქმე მთაში.

მათივე ცნობით, „მიკრო გრანტები მთის განვითარებისთვის“ არის ახალი პროექტი, რომელიც მეწარმეობის განვითარების სააგენტომ შეიმუშავა მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან თანამშრომლობით. პროექტი საშუალებას იძლევა მაღალმთიან სოფლებში ბიზნესის განვითარებისთვის მოსახლეობამ სახელმწიფოს მხრიდან მიიღოს 5 000-დან 15 000 ლარამდე თანადაფინანსება და საკუთარ საცხოვრებელ ადგილზე წამოიწყოს ბიზნესი, რაც, ზოგადად, მთის შემდგომ განვითარებას შეუწყობს ხელს.

როგორც სამინისტროში აცხადებენ, ახალი პროგრამის შემუშავება პასუხობს მოსახლეობის მხრიდან დიდ დაინტერესებასა და პროგრამაში ჩართვის სურვილს, რაც მიკრო და მცირე მეწარმეობის ხელშეწყობის პროექტის ფარგლებში დაფიქსირდა. სწორედ ამ პროგრამის შედეგების, ეფექტურობისა და მოსახლეობის მხრიდან დაინტერესების გათვალისწინებით, პროგრამის განმახორციელებელი უწყება, ეკონომიკის სამინისტროს მეწარმეობის განვითარების სააგენტო, მთის განვითარების ეროვნულ საბჭოსთან ერთად მაღალმთიან რეგიონში დაიწყებს მიკრო გრანტების გაცემას, რაც მნიშვნელოვნად შეამცირებს მთიდან მიგრაციას და ადგილობრივი მოსახლეობის კეთილდღეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

მათი ინფორმაციით, აღსანიშნავია, რომ ზოგადად მთის განვითარების ეროვნული საბჭოს ამოცანას მაღალმთიანი დასახლებების განვითარების სტრატეგიების შემუშავება წარმოადგენს. გრანტების გაცემის ახალი ეტაპი სწორედ მაღალმთიანი დასახლებების განვითარების მიზნით შემუშავებული პროექტია და მთაში არსებული მდგომარეობის გაუმჯობესებაზე, ასევე რეგიონებში სამეწარმეო საქმიანობის წახალისებისკენაა მიმართული.