მერიაში განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ გამოფენა გაიმართება

თბილისის მერიაში დღეს განახლებადი ენერგიის და ენერგოეფექტური ტექნოლოგიების შესახებ გამოფენა გაიმართება.

გამოფენა „მდგრადი ენერგეტიკის კვირეული, 2016-ის” ფარგლებში ტარდება, რომელიც კავშირი „ენერგოეფექტურობის ცენტრი საქართველოს” მიერ თბილისის მერიის მხარდაჭერით იმართება.

ორგანიზატორების განცხადებით, საქართველოც 2009 წლიდან მიუერთდა ამ ინიციატივას და ორგანიზაცია ”მდგრადი ენერგეტიკის ქართულ კვირეულებს” ყოველწლიურად მართავს, რომლის ფარგლებშიც, ე.წ. სუფთა ენერგოტექნოლოგიების და სუფთა ტრანსპორტის პოპულარიზაციის მიზნით სხვადასხვა საინფორმაციო-კულტურულ-სპორტული ღონისძიებები იმართება.

ტექნოლოგიურ გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ქართველი მწარმოებლების და მომწოდებლების მიერ წარმოებული და იმპორტირებული განახლებადი და ენერგოეფექტური ტექნოლოგიები, სადაც დამთვალიერებლებს საშუალება ექნებათ დაათვალიერონ წარმოდგენილი პროდუქცია.

აღნიშნული ღონისძიება ტარდება პროექტის „განახლებადი ენერგიისა და ენერგოეფექტურობის პროექტი საქართველოს მუნიციპალიტეტებისათვის“ ფარგლებში, დაფინანსებული BP-საქართველოსა და მისი პარტნიორების მიერ.