საჯარო მოხელე vs მეწარმე? (R)

ქვეყნის ეკონომიკური სტატუსი განისაზღვრება იმპორტ-ექსპორტის შეფარდებით და რაც უფრო მეტია ექსპორტი იმპორტზე, მით უფრო ძლიერია ქვეყანა ეკონომიკურად. ამის მსგავსად, კერძო სექტორის დომინირება დასაქმებული ადამიანების რაოდენობით საჯარო სექტორზე, ასევე წარმოადგენს ქვეყნის ეკონომიკური წარმატების მაჩვენებელს.

საქართველოს 2015 სტატისტიკა:

იმპორტი სამჯერ მეტია ექსპორტზე

დასაქმებული მოსახლეობიდან საჯარო სამსახურებში მყოფი ადამიანები ოთხჯერ ჭარბობენ კერძო სექტორში დასაქმებულებს).

მივესალმებით და გვსურს, გამოვეხმაუროთ საქართველოს პრემიერ-მინისტრის 3/03/2016 წ განცხადებას: (https://www.youtube.com/watch?v=0dHOJVkNldA), რომელშიც მან ვრცლად ისაუბრა საჯარო მოხელეების ქცევის მაღალი სტანდარტების დამკვიდრებაზე და დაგმო საჯარო მოხელეთა მხრიდან თავიანთი უფლებამოსილების ზღვარის გადამეტება და სამსახურებრივი მდგომარეობის არაკეთილსინდისიერად გამოყენება.

ყველასთვის გასაგებია, რომ ბიზნესი და მეწარმეები იხდიან გადასახადებს და ეს გადასახადები ავსებს სახელმწიფო ბიუჯეტს. ცხადია, რომ ამ ბიუჯეტიდან იღებენ ანაზღაურებას საჯარო სექტორში დასაქმებული მოხელეებიც. შესაბამისად, რაც უფრო მეტად განვითარდება ბიზნესი, მით უფრო მეტს შემატებს ის ქვეყნის ეკონომიკას, რაც, თავის მხრივ, მეტ სარგებელს მოუტანს ქვეყანასა და მის მოსახლეობას, მათ შორის იმავე საჯარო მოხელეებსაც. ამიტომ, საჯარო პირებისგან სამართლიანი, მიუკერძოებელი, ხელშემწყობი და კორექტული მიდგომა კერძო ბიზნეს სექტორისა და ამ სფეროს წარმომადგენლების მიმართ ქვეყნის ეკონომიკის განვითარების ამოსავალ წერტილს წარმოადგენს. როგორც კერძო მეწარმე უფრთხილდება თავის მომხმარებელს, ანალოგიურად უნდა უფრთხილდებოდეს საჯარო მოხელე კერძო მეწარმეს.

ყოველივე ზემოთაღნიშნულის მიუხედავად, ამ დრომდე არ არსებობს ეფექტური მექანიზმი, რომელიც საჯარო მოხელეთა მხრიდან გადაცდომის ფაქტებზე დროულ და ადეკვატურ რეაგირებას მოახდენს. მაგალითისთვის, წარმოგიდგენთ კონკრეტულ შემთხვევას, როცა საქართველოში მოღვაწე ერთ-ერთი ფარმაცევტული კომპანიის შეტყობინებას, საჯარო მოხელის მხრიდან ზღვარსგადამეტებული და ეჭვისშემცველი განცხადებების გაკეთების თაობაზე, სრულიად არაფრისმთქმელი და არაადეკვატური შეფასება მოყვა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მხრიდან.

კერძოდ, შპს „ეი-ბი-სი ფარმაცია“ (ფარმადეპო)-ს წარმომადგენელმა 2015 წლის დეკემბერში მიმართა საქართველოს მთავარ პროკურატურას სსიპ სამედიცინო საქმიანობის სახელმწიფო რეგულირების სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსის ნანა შაშიაშვილის მხრიდან განხორციელებულ ქმედებებზე რეაგირებისათვის. როგორც კომპანიის წარმომადგენელი აღნიშნავდა, „გარდა იმისა, რომ სააგენტო უკვე რამდენიმე თვეა, ხელოვნურად აფერხებს საქართველოში მაღალხარისხიანი ევროპული მედიკამენტების შეღავათიან ფასებში შემოტანას, ის ასევე უხეშად ერევა და სხვადასხვა მეთოდებით ხელს უშლის კომპანიას კანონიერი სამეწარმეო საქმიანობის განხორციელებაში. მაგალითისათვის, სულ ახლახან, მიმდინარე წლის 20 ნოემბრის ერთ-ერთ სასამართლო სხდომაზე, სადაც განიხილებოდა აფთიაქიდან ფარმაცევტული პროდუქტის რეალიზაციის წესების დარღვევის ფაქტი, სააგენტოს ფარმაცევტული დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს უფროსმა, ნანა შაშიაშვილმა, რომელიც წარმოადგენდა მოცემულ დავაში სააგენტოს, განაცხადა, რომ „მათ სპეციალურ პროგრამაში გადაამოწმეს შპს ეი-ბი-სი ფარმაცია“-ს მიერ შემოტანილი მედიკამენტების თვითღირებულება და სარეალიზაციო ფასები, რომელიც სხვა კომპანიებთან შედარებით გამოირჩევა მაღალი ფასნამატებით.“ საქმე გვაქვს შემთხვევასთან, როცა საჯარო მოხელე მეწარმის საზიანოდ და მისი რეპუტაციის შელახვის მიზნით იყენებს მის თანამდებობრივ დაშვებას გარკვეულ კომერციულ ინფორმაციასთან, და ამაზე შეგნებულად ავრცელებს არასწორ ინფორმაციას, რაც ცალსახად, მისი უფლებამოსილების გადამეტებას წარმოადგენდა.

ამ ფაქტთან დაკავშირებით, აღნიშნული მიმართვის პასუხად კომპანიამ მიიღო წერილი საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამეტის უფროსისგან შემდეგი შინაარსით: „რეპლიკა ნანა შაშიაშვილის მიერ გამოთქმული იქნა ზოგადი ფრაზის სახით და არ ყოფილა მოყვანილი კონკრეტული ციფრები, პროცენტები და ფასთა სხვაობები.....ყოველივე ზემოთაღნიშნულის გათვალისწინებით, შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ, საკუთარი კომპეტენციის ფარგლებში საკითხის შესწავლით არ დადასტურდა ნანა შაშიაშვილის მხრიდან სამსახურებრივი გადაცდომის ფაქტი...“

დაინტერესებულმა საზოგადოებამ გადაწყვიტოს, არის თუ არა ეს წერილი და მიღებული ზომები, ადეკვატური რეაგირება საჯარო მოხელის იმ ქმედებასა და განცხადებებზე, რის გამოც დაზარალებულმა მხარემ პროკურატურას მიმართა. თუ საკითხი ისევ იმავე დაწესებულების გადასაწყვეტია, რომლის შემადგენლობაშიც მოიაზრება დამრღვევი საჯარო მოხელე, მაშინ ინტერესთა კონფლიქტი გარდაუვალია და ადეკვატური რეაგირების მოლოდინი არ უნდა გვქოდეს. საჯარო უწყების ასეთი სქემა მოკლე ჩართვას თუ მოახდენს, რაც სახეზეა ზემოთაღნიშნულ შემთხვევაში. საუბარი ქვეყნის სწრაფ განვითარებაზე, საჯარო ინსტიტუციების ზოგი მოხელის ასეთი დაობებული პოსტსაბჭოური მიდგომებით, ამ ეტაპზე, ალბათ, ძალიან ზედმეტია. და ბოლოს, სამწუხაროდ, თანამედროვეობაში თუ არ ვითარდები, აუცილებლად ჩლუნგდები.

(R)