დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ არის

თბილისის მერის, დავით ნარმანიას განცხადებით, თბილისში ჰაერის დაბინძურების თვალსაზრისით საგანგაშო მდგომარეობა არ არის, - ამის შესახებ დედაქალაქის მერმა დღეს სასტუმრო „ჰოლიდეი ინში“ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„ჰოლიდეი ინში“ მდგრადი ენერგეტიკის კვირეულის ფარგლებში კონფერენცია მიმდინარეობს, რომელიც თბილისის ენერგოეფექტურ ქალაქად გარდაქმნის საკითხებს იხილავს.

ჟურნალისტის კითხვაზე, არსებობს თუ არა კვლევები თბილისში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებლებთან დაკავშირებით და რომელ უბნებშია კონკრეტულად მომატებული ჰაერის დაბინძურება, ნარმანიამ განაცხადა, რომ კვლევებს ძირითადად გარემოს დაცვის სამინისტრო ატარებს, რომელიც სხვადასხვა მოწყობილობებისა და ინსტრუმენტების მეშვეობით ქალაქის სხვადასხვა უბანში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებით მდგომარეობას სწავლობს.

„აბსოლუტურად საგანგაშო მდგომარეობა ჩემს ხელთ არსებული ინფორმაციით არ არის, თუმცა არის ცალკეული გადატვირთული უბნები გამომდინარე ტრანსპორტის სიჭარბიდან, გამომდინარე იქიდან, რომ წლების განმავლობაში მწვანე საფარს ასეთ ადგილებში ყურადღება არ ექცეოდა. სწორედ ამიტომ გაზზე მომუშავე ავტობუსებზე გამოვაცხადეთ ტენდერი. ასევე ინტენსიურად ვმუშაობთ გამწვანების თვალსაზრისით, რათა თბილისი უფრო მეტად მწვანე ქალაქი იყოს და დაბინძურების დონემ ქალაქში მნიშვნელოვნად დაიკლოს“, - განაცხადა თბილისის მერმა დავით ნარმანიამ.