თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა იწყება

რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობის პროექტზე მუშაობას იწყებს, რომელიც ნატახტრიდან რუსთავამდე და ნატახტრიდან ჟინვალამდე სრულიად ახალი, ალტერნატიული ჩქაროსნული გზის მშენებლობას ითვალისწინებს.

როგორც რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტში აცხადებენ, ტექნიკურ ეკონომიკური დასაბუთების დოკუმენტის მოსამზადებლად საკონსულტაციო მომსახურების შესყიდვისთვის ტენდერი უკვე გამოცხადდა. საპროექტო დოკუმენტაციის მოსამზადებლად 15 თვეა განსაზღვრული. საპროექტო სამუშაოებს “აზიის განვითარების ბანკი” რამდენიმე მილიონი ლარით დააფინანსებს.

”თბილისის ახალი შემოვლითი გზის მშენებლობა განტვირთავს ქალაქს სატრანზიტო მოძრაობისაგან და მნიშვნელოვანია, როგორც სატრანზიტო გადამზიდავებისთვის, ასევე თბილისი მოქალაქეებისათვის”, - ნათქვამია განცხადებაში.