სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები თბილისში გამოფრენას, სავარაუდოდ, დღეს, 17:00 საათიდან შეძლებენ

სტამბოლში მყოფი საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამოფრენას, სავარაუდოდ, დღეს, 17:00 საათიდან შეძლებენ. ამის შესახებ თურქეთში საქართველოს გენერალურმა კონსულმა ირაკლი ასაშვილმა განაცხადა.

”იმ ინფორმაციით, რომელიც ჩვენ გვაქვს, საქართველოს მოქალაქეები სამშობლოში გამომგზავრებას 17:00 საათიდან შეძლებენ. ათათურქის აეროპორტიც ნელ-ნელა ამუშავდა. ფრენები ნაწილობრივ აღდგა”, - განაცხადა საქართველოს გენერალურმა კონსულმა.

რაც შეეხება საკონსულოში გახსნილ ცხელ ხაზს, ირაკლი ასაშვილის ინფორმაციით, ცხელ ხაზზე ზარები წუხელ უწყვეტ რეჟიმში შედიოდა.

”რეკავდნენ როგორც საქართველოს მოქალაქეები, ისე მათი ახლობლები. ზარები გამთენიისას შეწყდა”, - აღნიშნა ასაშვილმა.

გენერალური კონსულის ინფორმაციით, საქართველოს ყველა მოქალაქე, რომელიც მომხდარი აფეთქებების დროს ათათურქის აეროპორტში იმყოფებოდა, სასტუმროებშია გადაყვანილი.