აჭარის მთავრობა - ბათუმის მიმართულებით საერთაშორისო ფრენების უპრეცედენტო რაოდენობა ფიქსირდება

ბათუმის საერთაშორისო აეროპორტი საზაფხულო სეზონს საჰაერო ფრენების გაზრდილი რაოდენობით ხვდება, - ამის შესახებ ინფორმაციას აჭარის მთავრობა ავრცელებს.

მათივე ინფორმაციით, 2016 წლის ზაფხულის სეზონთან დაკავშირებით ბათუმის მიმართულებით ფრენების უპრეცედენტო ზრდა დაფიქსირდა. გარდა აქამდე არსებული რეგულარული ფრენებისა, დამატებითი ჩარტერული და რეგულარული ფრენები სრულდება ისრაელიდან, ირანიდან, უკრაინიდან, ყაზახეთიდან, რუსეთიდან და არაბეთის გაერთიანებული საამიროებიდან.

აჭარის მთავრობის ინფორმაციით, გაიზარდა ჩარტერული ფრენების რაოდენობა ისრაელიდან ბათუმის მიმართულებით, ფრენებს კომპანიები „Israir Airlines და „El Al Israel Airlines“ ასრულებს, რომელსაც ავიკომპანია „Arkia” ემატება, რომელიც წინა წელს განხორციელებული სამთვიანი ფრენების ნაცვლად წელს, პირდაპირ ფრენებს თელ-ავივსა და ბათუმს შორის 10 თვის განმავლობაში შეასრულებს.

აჭარის მთავრობის ცნობით, ახალი ავიაკომპანიები შემოვიდა ყაზახეთიდანაც. ივნისში, ფრენების განხორცილება დაიწყო ყაზახეთიდან ორმა ახალმა ავიაკომპანიამ Scat -მა და Skybus-მა ორი დიდი ქალაქიდან - ასტანიდან და აქტაუდან. ივნისსა და ივლისში ფრენები ყაზახეთის ოთხი ქალაქიდან - ალმაატადან, ყარაგანდადან, ატირაუდან და კოსტანაიდან შესრულდება. გაზრდილი მოთხოვნის შესაბამისად, დაინიშნა ფრენები არაბეთის გაერთიანებული საემიროებიდანაც. ივლისიდან, ჩარტერულ რეისებს შარჟა-ბათუმი-შარჟას მიმართულებით ავიაკომპანია Air Arabia შეასრულებს. ასევე ახალი მიმართულებები დაემატა რუსულ კომპანიას Ural Airline-ს, რომელიც ჩარტერულ ფრენებს უკვე ეკატერინბურგიდან და სამარადან ასრულებს.

”გასული წლის მსგავსად პოლონეთის ყველაზე მსხვილი ტურ-ოპერატორი Rainbow Tours წელსაც აგრძელებს ჩარტერულ ფრენებს. ბათუმის მიმართულებით ივნისი-ივლისის თვეში კვირაში 71 ფრენაა დანიშნული. საერთაშორისო ფრენებს ბათუმის აეროპორტში ემატება ასევე შიდა ფრენების უპრეცედენტო რაოდენობაც, კერძოდ, 21 ივნისიდან ბათუმის მიმართულებით შიდა ფრენები თბილისიდან და ნატახტარიდან სრულდება. ახალი საერთაშორისო და შიდა ფრენები ხელს შეუწყობს რეგიონის ტურიზმისა და ბიზნეს სექტორის განვითარებას”, - აცხადებენ აჭარის მთავრობაში.