Volkswagen ამერიკელებს 15 მილაირდს გადაუხდის

გერმანული ავტოკონცერნი Volkswagen და ამერიკელი რეგულატორები შეთანხმდნენ, რომ კომპანია მხოლოდ შეერთებულ შტატებში ე.წ. დიზელის სკანდალის გამო 14,7 მილიარდი დოლარის ოდენობის კომპენსაციას გადაიხდის.

სან-ფრანცისკოს სასამართლოს გადაწყვეტილებით, თითოეულ მომხმარებელზე 5,100-დან 10,000 დოლარამდე თანხა გაიცემა, რაც დამოკიდებულია უშუალოდ მოდელზე და გამოშვების წელზე. ასეთი კი, როგორც აღმოჩნდა 2009 წლიდან წარმოებული 475,000 ავტომობილია.

ამასთან, კომპანია იღებს ვალდებულებას, გამართოს ავტომობილის გამონაბოლქვი სისტემა ან უკან შეისყიდოს ეს ავტომობილი. ამ შემთხვევაში კი უკან შესყიდვის თანხა 12,500-დან 44,000-მდე იმერყევებს, რაც ასევე მოდელზე და გამშვების წელზე იქნება დამოკიდებული.

აღსანიშნავია, რომ გერმანული კომპანია ამ რაოდენობის თანხას მხოლოდ ამერიკელ მომხმარებლებს გადაუხდის, რაც ბევრად აღემატება ევროპელი და სხვა მოხმარებლებისთვის განკუთვნილ საკომპენსაციო თანხას.

შეგახსენებთ, გასულ წელს ამერიკელმა რეგულატორებმა აღმოაჩინეს, რომ გერმანული ავტომწარმოებელი კომპანია საკუთარ დიზელისძრავიან ავტომობილებში გამონაბოლქვის მონაცემებს აყალბებდა, სისტემაში ჩამონტაჟებული „ჩიპის“ გამოყენებით. შედეგად კი გაირკვა, რომ კომპანია ამ ხერხს 2009 წლიდან მიმართავდა და ამგვარი ავტომობილების რიცხვმა სულ 11 მილიონს მიაღწია.

კოკა კვირკველია