ირაკლი კობახიძე - „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ახალი დაპირებები ჩაიდება, მათ შორის პენსიების საკითხზეც

„ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამაში ახალი დაპირებები ჩაიდება, მათ შორის პენსიების საკითხზეც, - ამის შესახებ „ქართული ოცნების“ აღმასრულებელმა მდივანმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა. კობახიძე ეკონომიკური პროფილის ექსპერტებს ხვდება „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო პროგრამის ეკონომიკურ მიმართულებასთან დაკავშირებით.

„ჩვენი პარტია აქტიურად მუშაობს წინასაარჩევნო პროგრამის მომზადებაზე. დღეს გვაქვს სამუშაო შეხვედრა ეკონომიკური პროფილის ექსპერტებთან და მათთან ერთად განვიხილავთ ჩვენი პროგრამის ეკონომიკურ ასპექტებს. პროგრამა მზადდება და მასში ჩაიდება ახალი დაპირებებიც, ეს იქნება რეალისტური დაპირებები, რომლებიც აუცილებლად შესრულდება მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში. ეს შეეხება ყველა მიმართულებას, მათ შორის პენსიების საკითხსაც, არამარტო საპენსიო განაკვეთს, არამედ იმ საპენსიო რეფორმას, რომელზეც მთავრობა მუშაობს“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მისივე თქმით, „ქართული ოცნების“ საარჩევნო სიებთან დაკავშირებით ნაწილობრივი სწორი და ნაწილობრივ არასწორი ინფორმაციები ვრცელდება და ყველაფერს საზოგადოება მიმდინარე თვეში გაიგებს.