თბილისში საწვავის ხარისხი დადგენილ ნორმებს შეესაბამება

გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურმა საწვავის ხარისხი თბილისის მასშტაბით 10 ბრენდირებულ და არაბრენდირებულ ბენზინგასამართ სადგურში შეამოწმა. როგორც უწყებაში „ბიზნესპრესნიუსს“ განუცხადეს, დარღვევები არც ერთ შემთხვევაში არ გამოვლენილა.

ინსპექტირება შემთხვევითი შერჩევის პრინციპით განხორციელდა.

"დიზელისა და ბენზინის საწვავის სინჯები ავიღეთ როგორც მსხვილი მომწოდებლებისგან, ისე მცირე მასშტაბის ბენზინგასამართი სადგურებისგან. შევამოწმეთ ბენზინში ოქტანური რიცხვის ტყვიის შემცველობა და გოგირდის მასიური წილი, ხოლო დიზელის საწვავში შევამოწმეთ ცეტანური რიცხვი და გოგირდის მასიური წილი. კვლევის შედეგებმა დაგვიდასტურა, რომ ყველგან საწვავის ხარისხი დღეს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი ნორმის ფარგლებშია", - აცხადებს გარემოს დაცვის ზედამხედველობის სამსახურის მთავარი ინსპექტორი ნელი კორკოტაძე.

მისივე ინფორმაციით, ინსპექტირება მომდევნო თვეებშიც გაგრძელდება და რეგიონებსაც მოიცავს.

"ვაპირებთ რეგიონებში გადავამოწმოთ გასამართი სადგურები და ჩავატაროთ ლაბორატორიული კვლევა. ეტაპობრივად მივყვებით და წინასწარ ვერ გეტყვით რამდენ ობიექტში შევალთ", - აცხადებს ნელი კორკოტაძე.

ბენზინისა და დიზელის ხარისხის კონტროლი მაისიდან დაიწყო. საწვავის ხარისხს სამი უწყება - გარემოსდაცვის ზედამხედველობის სამსახური, ენერგეტიკის სამინისტრო და შემოსავლების სამსახური აკონტროლებს.

დადგენილ ნორმებთან შეუსაბამობის აღმოჩენის შემთხევვაში ბიზნესოპერატორი 8000 ლარით დაჯარიმდება.

ქრისტინე გამთენაძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე