ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ ფინალისტები დაასახელა

ლიტერატურული პრემია "საბას" ჟიურიმ წლევანდელი კონკურსის ფინალისტები დაასახელა. როგორც „თიბისი ბანკში“ აცხადებენ, 360 კონკურსანტიდან, რაც „საბას“ არსებობის მანძილზე უპრეცედენტოდ დიდი საკონკურსო სია იყო, ჟიურიმ ფინალურ ეტაპზე 38 წიგნი შეარჩია, რაც არის ფინალისტების ყველაზე მოკლე სია ბოლო წლების განმავლობაში.

”ამით დასრულდა ჟიურის მუშაობის პირველი, 5-თვიანი ეტაპი. ფინალისტებიდან მოხდება წლევანდელი გამარჯვებულების გამოვლენა და დაჯილდოება სექტემბერში, “საბას” რიგით მე-14 საზეიმო დაჯილდოებაზე. საპრემიო ფონდი 52 000 ლარს შეადგენს, რომელსაც გამარჯვებულ ავტორებს „საბას“ კონკურსის დამფუძნებელი და ორგანიზატორი „თიბისი ბანკი“ გადასცემს”, - აცხადებენ ბანკში.

ყოველწლიური ლიტერატურული პრემია “საბა” 2003 წელს „თიბისი ბანკმა“ და პენ-ცენტრმა დააფუძნა. პრემიის მიზანია გასული ერთი წლის განმავლობაში გამოცემული საუკეთესო წიგნების გამოვლენა. წელს „საბა“ 11 ნომინაციაში გაიცემა, მათ შორის, ახალი ნომინაციაში „საუკეთესო ელექტრონული წიგნი“. გარდა ამისა, ნომინაციაში „საუკეთესო დებიუტი“ წელს მკითხველებიც ჩაერთვებიან და საკუთარ ფავორიტს გამოავლენენ - 4 ივლისიდან მკითხველები თავისი რჩეული დებიუტანტებისთვის ხმის მიცემას 2 თვის განმავლობაში „საბას“ ვებგვერდსა და Facebook გვერდზე შეძლებენ.

(R)