ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს

ტრანსპორტისა და გზების ასოციაცია პრემიერ-მინისტრს მიმართავს. ასოციაცია ეხმაურება მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ გამოქვეყნებული კვლევის შედეგებს, რომლის მიხედვითაც საქართველომ დაიკავა პირველი ადგილი მსოფლიოში, ჰაერის დაბინძურების მიზეზით გამოწვეული სიკვდილიანობის მაჩვენებლის მიხედვით.

როგორც ასოციაციაში აცხადებენ, მაჩვენებლები უკიდურესად საგანგაშოა (100 000 მოსახლეზე 300 გარდაცვალება).

”WHO-ს მიერ გამოქვეყნებულ კვლევას ეცნობა მთელი მსოფლიო, მაღალია ალბათობა იმისა, რომ ამ ეს კვლევა გახდეს მიზეზი ტურისტული ნაკადის შემცირების, ვინაიდან იქ სადაც ჰაერის დაბინძურების გამო მსოფლიოში ყველაზე მეტი ადამიანის გარდაცვალება ხდება, არ გვგონია ტურისტებისთვის მიმზიდველი იყოს, რაც სერიოზულ ეკონომიკურ დარტყმას მიაყენებს ჩვენს ქვეყანას. აქვე გაცნობებთ, რომ თითქმის 4 წლის განმავლობაში მუდმივად ვხვდებოდით სხვადასხვა სამინისტროს წარმომადგენლებს, პრობლემების გადასაჭრელად არც ერთი კონკრეტული ნაბიჯი არ იქნა გადადგმული”, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში.

მათივე თქმით, რიგი ღონისძიებებია გასატარებელი.

”ერთხელ და სამუდამოდ უნდა განისაზღვროს ქვეყანაში ტრანსპორტის სექტორზე პასუხისმგებელი უწყება და ამ ფუნქციებმა თავი მოიყაროს ერთ სამინისტროში, რაც არის კიდევაც მსოფლიო ბანკის ექსპერტის ქალბატონი ჯინი გრინის რეკომენდაცია; ტრანსპორტის სექტორზე დღეს არსებული პასუხისმგებელი სამსახურები, სააგენტოები თუ დეპარტამენტები გაუქმდნენ, ვინაიდან არ შეესაბამებიან თანამედროვე მოთხოვნებს და სტანდარტებს. მათ შორის, პირველ რიგში კარჩაკეტილი სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო, რომელიც მუშაობის სტილით არის გადმონაშთი კომუნისტური სისტემის. ის არ ატარებს რეფორმებს, არ აქვს გეგმა-სტრატეგია, სააგენტოს დირექტორი მიხეილ ხმალაძე არ თანამშრომლობს არასამთავრობო სექტორთან. მხოლოდ დაკავებულია პრემიების და ხელფასების აღებით. ყოვლად მიუღებლად მიგვაჩნია ასეთი უუნარო სამსახურის შენახვისთვის მილიონობით ლარის ხარჯვა. დაიწყოს ძირეული რეორგანიზაცია, ევროპული სტრუქტურის ჩამოსაყალიბებლად;

დღევანდელი მდგომარეობა აღიარებულ იქნას, როგორც უკიდურესად კრიზისული და დაუყოვნებლივ შეიქმნას ხელისუფლების მიერ არასამთავრობო სექტორთან ერთობლივად სამუშაო ჯგუფი, რომლის მიერაც წარმოდგენილი იქნება კრიზისის დაძლევის გეგმა. შესაბამისად განისაზღვრება მოქმედების სამომავლო სტრატეგია, როგორც ხანმოკლე ასევე ხანგრძლივი პერიოდისთვის

პრემიერ-მინისტრის მიერ უმაღლესი ხელისუფლების დონეზე, სახელმწიფოს პრიორიტეტად გამოცხადდეს საგზაო უსაფრთხოების თემები და ტრანსპორტის სექტორთან დაკავშირებული შესაბამისი ევროდირექტივების დანერგვა. აგრეთვე წარმოდგენილ იქნას ტექნიკური დათვალიერების შესახებ კარგად გათვლილი გეგმა, გამჭვირვალობის პრინციპზე დამყარებული; შეიცვალოს სამინისტროების მიერ საზოგადოებასთან ურთიერთობის დღეს არსებული ფორმა და ნაცვლად დახურული სისტემისა ის გახდეს უფრო ღია. იმისთვის რომ მოსახლეობას მუდმივად მიეწოდებოდეს არსებული რისკ-ფაქტორებისა თუ სამომავლო გეგმების შესახებ ინფორმაცია; გარემოს დაცვის სამინისტრო აღჭურვილ იქნას შესაბამისი ტექნიკით, რათა ქვეყანაში ხდებოდეს ჰაერის სრულფასოვანი კვლევა/მონიტორინგი; სამართალდამცავი ორგანოების მიერ შესწავლილ იქნას, როგორ და რის საფუძველზე გაიცემა ტექდათვალიერების დოკუმენტი ტესტცენტრების მიერ იმ საზოგადოებრივ ტრანსპორტზე (განსაკუთრებით საქალაქთაშორისო), რომელთა მიერაც მგზავრების გადაყვანა გზებზე სიკვდილიანობით მთავრდება”, - ნათქვამია ასოციაციის განცხადებაში, რომელსაც მისი თავმჯდომარე, დავით მესხიშვილი აწერს ხელს.