”ხალიკ ბანკი საქართველოს“ კიდევ ერთი ინოვაციური პროდუქტი - მაჯის საათი watch2pay უკონტაქტო გადახდის სისტემით

კომპანია MasterCard-მა და სააქციო საზოგადოებამ ”ხალიკ ბანკი საქართველო“ დღეს, საქართველოში პირველი, უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე Watch2pay საათის ერთობლივი პროექტის რეალიზების შესახებ განაცხადეს.

როგორც ”ხალიკ ბანკი - საქართველოს” მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, შვიდი წელი გავიდა მას შემდგომ, რაც საქართველოში პირველი უკონტაქტო გადახდა შესრულდა და დღეისთვის ამგვარი გადახდების პოპულარობა ქვეყანაში დინამიურად იზრდება.

”სტატისტიკური მაჩვენებლების მიხედვით, საქართველო უკონტაქტო ტრანზაქციების რაოდენობით მესამე ადგილს იკავებს სამხრეთ-აღმოსავლეთ ევროპის და აზიის რეგიონში. უკონტაქტო გადახდების განხორციელება შესაძლებელია ქვეყნის თითქმის ყველა POS და mPOS ტერმინალების საშუალებით, საქართველოს ტერიტორიაზე არსებული 24000-ზე მეტ სავაჭრო წერტილში.

”ხალიკ ბანკი საქართველოსა“ და MasterCard-ის ერთობლივი პროექტის მეშვეობით, პირველად გახდება შესაძლებელი რეგიონში უკონტაქტო ანგარიშსწორების განხორციელება მაჯის საათის მეშვეობით. Watch2pay საათი აღჭურვილია პერსონალიზირებული საბანკო ბარათით და მისი შეძენა კლიენტებს შეეძლებათ სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ ფილიალებში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

„უკონტაქტო გადახდები მასიურ ხასიათს იძენს და სულ უფრო და უფრო პოპულარული ხდება. შეიძლება ითქვას, რომ სახეზეა „უკონტაქტო რევოლუცია“ გადახდებში. საათი კომფორტულია გადახდებისთვის და საფულიდან ბარათის ამოღება საჭირო აღარაა.

ყოველდღიური მოხმარების ნივთებიც კი სულ უფრო მეტად ადაპტირდება ციფრულ რეალობასთან. ბარათის მფლობელთათვის უკონტაქტო გადახდა ასოცირდება სისწრაფესა და კომფორტთან, და ამგვარი საათი კიდევ უფრო გაუსვამს ხაზს თანამედროვე სტილს“, - განაცხადა სს „ხალიკ ბანკი საქართველოს“ გენერალურმა დირექტორმა ნიკოლოზ გეგუჩაძემ.

როგორც ”ხალიკ ბანკი საქართველოს” ინფორმაციაშია აღნიშნული, გასულ წელს „ხალიკ ბანკ საქართველო“-მ მთელს სამხრეთ აღმოსავლეთ ევროპის რეგიონში, პირველი უკონტაქტო ტერმინალი mPOS დანერგა. ერთი წლის შემდგომ უკვე 100-ზე მეტი სავაჭრო წერტილია აღჭურვილი მობილური ტერმინალით, მათ შორის ისეთი ობიექტები, სადაც მანამდე საგადახდო ბარათით გადახდა საერთოდ შეუძლებელი იყო. ბარათით აღჭურვილი, უკონტაქტო გადახდის ტექნოლოგიის მქონე საათი “Watch2Pay” მორიგი ინოვაციური პროექტია, რომელსაც ბანკი, საგადახდო სისტემა MasterCard-თან ერთად ახორციელებს.

„საქართველო - უკონტაქტო გადახდების განვითარებაში ევროპაში ერთ-ერთი პროგრესული ბაზარია. ამგვარი წარმატება უპირველეს ყოვლისა განაპირობა საქართველოში არსებული ბანკებისა და კლიენტების მზაობამ ინოვაციებისადმი, იმ ფაქტმა, რომ მათ არ ეშინიათ სიახლეების. ჩვენ დარწმუნებულები ვართ, რომ ქართველ მომხმარებლებს მოეწონებათ ინოვაციური, MasterCard უკონტაქტო გადახდის ფუნქციის მქონე საათები“, - აღნიშნა კლიენტებთან მუშაობის მენეჯერმა საქართველოში, MasterCard Europe -ის წარმომადგენლობა უკრაინაში, მოლდოვაში, საქართველოში, თურქმენთში, ტაჯიკეთში, ყირგიზეთსა და უზბეკეთში ელენა ბრაჟნიკმა.

”პროდუქტის ინოვაციურობიდან გამომდინარე, მას ყველაზე უფრო მეტად დააფასებს ახლგაზრდა თაობა. ბანკის უპირველესი მიზნობრივი სეგმენტი სტუდენტები იქნებიან, რომელთაც საათების გარკვეული რაოდენობა უფასოდ გადაეცემათ”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

(R)