საია „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში ორი სამშენებლო ნებართვის გაუქმებას ითხოვს

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაცია „პანორამა თბილისის“ პროექტის ფარგლებში, ორი სამშენებლო ნებართვის გაუქმებას ითხოვს. შესაბამისი ადმინისტრაციული საჩივარი საია-ს იურისტმა სულხან სალაძემ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროში დღეს შეიტანა.

როგორც სულხან სალაძემ განმარტა, საია ადმინიტრაციული საჩივარით ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს მიერ 2015 წლის მაისსა და ივნისში გაცემული ორი კონკრეტული ბრძანება, რომელიც ეხება „პანორააა თბილისის“ პროექტის ფარგლებში სამშენებლო ნებართვების გაცემას სოლოლაკის მაღლობთან და სოლოლოკის ბაღებთან დაკავშირებით.

„ჩვენი ძირითადი მოტივაცია მდგომარეობს იმაში, რომ აღნიშნული სამშენებლო ნებართვები გაცემულია თბილისში ისტორიული ლანდშაფტის დაცვის ზონაში, სადაც მსგავსი ტიპის სამშენებლო სამუშაოების წარმოება კანონით აკრძალულია. შესაბამისად, ის დოკუმენტები, რომლებიც ჩვენ მიერ იქნა მოპოვებული კულტურის სამინისტროს საშუალებით რეალურად მიუთითებს, რომ ტექნიკური და სამშენებლო ზედამხედველობის სააგენტოს არ უნდა გაეცა სამშენებლო ნებართვები ამ ორ ობიექტზე“, - განაცხადა სულხან სალაძემ.

მისივე თქმით, ადმინისტრაციულმა ორგანომ ხუთ დღეში უნდა გადაწყვიტოს, მიიღებს თუ არა საჩივარს წარმოებაში. როგორც სალაძემ აღნიშნა, იმ შემთხვევაში, თუ ადმინისტრაციული ორგანო საჩივარს არ განიხილავს, მაშინ საია არ გამორიცხავს, რომ საქმე სასამართლოში წავიდეს.