„საერთაშორისო გამჭვირვალობა“ - კახეთში თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციაში ქონების არასათანადოდ ასახვა გამოვლინდა

„საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველომ“ კახეთში თანამდებობის პირების ქონებრივი დეკლარაციები შეისწავლა და შესაბამისი კვლევა გამოაქვეყნა.

როგორც ორგანიზაციის კახეთის კოორდინატორმა ზურა მირზიკაშვილმა კვლევის პრეზენტაციის დროს განაცხადა, რეგიონში აღმოჩენილია რიგი დარღვევები, რომლებიც ძირითადად თანამდებობის პირების მიერ დეკლარაციაში ქონების არასათანადოდ ასახვას უკავშირდება.

”კახეთის რიგ მუნიციპალიტეტებში არის საჯარო მოხელეთა კატეგორია, რომელმაც მასზე რიცხული ქონება სათანადოდ არ ასახა დეკლარაციაში, ასევე არიან მოხელეები, რომლებიც კვლავ ეწევიან მათთვის კანონით შეზღუდულ სხვა საქმიანობას. ჩვენ არა ვართ ორიენტირებულები კრიტიკაზე, ჩვენ გვსურს თანამშრომლობა, რათა მუნიციპალიტეტებს დავეხმაროთ ხარვეზების აღმოფხვრაში” , - განაცხადა მირზიკაშვილმა.