ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა მიმდინარე წლის პირველი კვარტლის საგადასახდელო ბალანსი გამოაქვეყნა. გამოქვეყნებული ანგარიშის მიხედვით, 2016 წლის პირველ კვარტალში საგადასახდელო ბალანსის მიმდინარე ანგარიშის დეფიციტმა 395.1 მლნ აშშ დოლარი (961.7 მლნ ლარი, პირველი კვარტალის მშპ-ს 13.1 პროცენტი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის უარყოფითი სალდოს ფორმირებაში მთავარი როლი, ტრადიციულად, საქონლით ვაჭრობას ეკისრება. საქონლით ვაჭრობის უარყოფითმა სალდომ 2016 წლის პირველ კვარტალში წლიური 1.7 პროცენტიანი ზრდის შედეგად 988.5 მლნ აშშ დოლარი (2.4 მლრდ ლარი) შეადგინა. საქონლის ექსპორტი წლიურად 12.4 პროცენტით, ხოლო იმპორტი 4.3 პროცენტით შემცირდა. ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში გრანტით მიღებული მედიკამენტების გარეშე საქონლის იმპორტი წლიურად 16.6 პროცენტით შემცირდა.

მომსახურებით ვაჭრობის დადებითი ბალანსი (ტურისტული შემოსავლების გამო) ნაწილობრივ ანეიტრალებს საქონლით ვაჭრობის უარყოფით სალდოს. 2016 წლის პირველ კვარტალში მომსახურების ექსპორტი წლიურად 3.9 პროცენტით გაიზარდა, ხოლო მომსახურების იმპორტი პრაქტიკულად უცვლელი დარჩა. მომსახურებით ვაჭრობიდან ყველაზე მაღალი დადებითი სალდოთი ტურისტული მომსახურება გამოირჩევა, რომლის ექსპორტი წლიურად 15.7 პროცენტით გაიზარდა და 354.5 მლნ აშშ დოლარი (862.7 მლნ ლარი) შეადგინა.

მიმდინარე ანგარიშის დეფიციტს, ასევე, ამცირებს მიმდინარე ტრანსფერები, რომლის კრედიტი წლიურად 41.8 პროცენტით გაიზარდა და 487.7 მლნ აშშ დოლარი (1.2 მლრდ ლარი) შეადგინა. აქედან, სამთავრობო სექტორის მიმდინარე ტრანსფერები 8.5-ჯერ გაიზარდა, ძირითადად ცე ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამის ფარგლებში მიღებული 208.1 მლნ აშშ დოლარის დახმარების ხარჯზე.

წმინდა უცხოურმა პირდაპირმა ინვესტიციებმა, რომელიც მიმდინარე ანგარიშის დეფიციტის დაფინანსების უმნიშვნელოვანესი წყაროა, პირველ კვარტალში 333.4 მლნ აშშ დოლარი (811.4 მლნ ლარი) შეადგინა, რაც კვარტალური მშპ-ს 11.0 პროცენტია. პირველ კვარტალში პირდაპირი უცხოური ინვესტიციები ძირითადად ტრანსპორტსა და კავშირგაბმულობაში, ასევე საფინანსო სექტორში განხორციელდა.

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, საგადასახდელო ბალანსის სტატისტიკა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მიერ შემუშავებული მეთოდოლოგიის "საგადასახდელო ბალანსის სახელმძღვანელო, მეხუთე რედაქციით", არის წარმოდგენილი.