საქართველოში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყო

ჩვენს ქვეყანაში გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმება დაიწყეს. ტექნიკური ინსპექტირება დაახლოებით 60 ლარი ეღირება და მას რამდენიმე კომპანია განახორციელებს. ჯერჯერობით მხოლოდ ორი მათგანია ცნობილი: შპს „აირბალონი“ და შპს „გაზინჟინერი“. ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრში ამბობენ, რომ მათი მოთხოვნები ჯერ მხოლოდ ამ ორმა კომპანიამ დააკმაყოფილა. ისიც ცნობილია, რომ მძღოლები, რომლებიც შეუმოწმებელი ავტომობილით იმოძრავებენ, 100 ლარით დაჯარიმდებიან. დღეს საქართველოში არავინ უარყოფს, რომ ტექდათვალიერების შემოღება აუცილებელია. პრემიერ-მინისტრმა, გიორგი კვირიკაშვილმაც განაცხადა, თავის დროზე ტექნიკური დათვალიერების სრულად გაუქმება შეცდომა იყო და ახლა მთავრობას აქვს გეგმა, მოიწვიოს საერთაშორისო კომპანიები და ტექდათვალიერების ახალი სისტემა დანერგოს. ჯერჯერობით კი, გაზზე მომუშავე ავტომობილების შემოწმებას უნდა დავჯერდეთ.

ეკონომიკის სამინისტროს აკრედიტაციის ცენტრის გენერალური დირექტორი პაატა გოგოლაძე აცხადებს, რომ შემოწმების პროცესი უკვე დაიწყო:

- გაზზე მომუშავე მანქანების ინსპექტირება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რადგან ისინი მომეტებულ საფრთხეს წარმოადგენს. აირბალონის გამო შეიძლება ადამიანის სიცოცხლესაც ზიანი მიადგეს და ჯანმრთელობასაც. ამიტომ, მათი შემოწმება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დიდი ხნის განმავლობაში მიდიოდა მსჯელობა, თუ რატომ არ იღებს მთავრობა ზომებს, რომ ასეთი შემოწმება დაიწყოს. ამჟამად აკრედიტებულია ორი კომპანია, ხოლო მესამე უკვე აკრედიტაციის პროცესშია. როდესაც კომპანიას აკრედიტაცია აქვს, მას უკვე კანონმდებლობით ენიჭება უფლება, რომ შემოწმება განახორციელოს. ჯერჯერობით ორი ასეთი ორი კომპანია გვყავს: „აირბალონი“ და „გაზინჟინერი“. მალე მათ სხვა კომპანიებიც მიემატებიან, ალბათ სულ ცოტა, 5 კომპანია მაინც იქნება, რომელიც ინსპექტირებას განახორციელებს.

შპს „გაზინჯინერის“ დირექტორი ნუგზარ მაჭარაშვილი აცხადებს, რომ კომპანია ინსპექტრებისთვის უკვე მზად არის:

ნუგზარ მაჭარაშვილი - ინსპექტირება უკვე დავიწყეთ. თუ მანქანას ყველაფერი სტანდარტების შესაბამისი ექნება, მასზე სპეციალური სერტიფიკატიც გაიცემა, მაგრამ თუ არ არის სტანდარტებში, როგორც 167-ე დადგენილებაში წერია, მძღოლი დაჯარიმდება. საჯარიმო სანქციის აღსრულება კი, შინაგან საქმეთა სამინისტროს პრეროგატივაა. უცხოეთში გადამზადებული სპეციალისტები გვყავს და იმედი გვაქვს, რომ ისინი ამ საქმეს კარგად გაართმევენ თავს.

შპს „ეკოტრანსპორტცენტრის“ ხელმძღვანელი ვასილ ურუშაძე კი მიიჩნევს, რომ მხოლოდ ავტომობილების ნაწილის შემოწმება სასურველ შედეგს ვერ მოიტანს:

ვასილ ურუშაძე - საქართველოში ავტომობილების შემოწმების საკითხი ძალიან რთულ მდგომარეობაშია. 2004 წელს რომ გაუქმდა ტექნიკური დათვალიერება, იმის მერე სატრანსპორტო საშუალებებზე არანაირი კონტროლი აღარ ხორცილედება. ტექნიკური დათვალიერების შემოღებაზე 2013 წლიდან მოყოლებული ლაპარაკობენ, მაგრამ საბოლოო ჯამში მისი შემოღება 2017 წლის ბოლომდე გადაიდო. ამიტომ, საქართველოს მთავრობა გამოვიდა ინიციატივით, რომ ყველა ავტოსატრანსპორტო საშუალებას, რომელიც ბუნებრივ აირზე მუშაობს, ტექნიკური შემოწმება გაევლო. ზოგადად აირბალონების შემოწმება სპეციფიკური საქმეა და შესაბამისი ტექნიკური აღჭურვილობა სჭირდება. საქართველოში ამისთვის საჭირო ლაბორატორიაც კი არ არსებობდა. ყველამ იცის, რომ აირბალონების მონტაჟი ხდებოდა კუსტარულად, ხშირად მათ ეზოებში მოწყობილ ფარეხებში აყენებდნენ, ამიტომ ისინი ვერანაირ უსაფრთხოების ნორმებს ვერ აკმაყოფილებენ, შესაბამისად, ისინი ვერც გაივლიან შემოწმებას. საკითხი არის რთული, ძალიან მნიშვნელოვანი და მისი გადაწყვეტა ასე ერთი ხელის მოსმით ვერ მოხერხდება.

„ეკოტრასპორტცენტრის“ ხელმძღვანელი აცხადებს, რომ ისინი მონიტორინგს გაუწევენ ამ პროცესს, რადგან ძალიან ბევრ სატრანსპორტო საშუალებას საქართველოში დაყენებული აქვს ფეთქებადასაშიში ნივთიერება, რომელიც საფრთხეს უქნის ადამიანებს:

ვასილ ურუშაძე - ჩვენ ვფიქრობთ, რომ არა მარტო ამ საშუალებების კონტროლია საჭირო, არამედ გაზგასამართი სადგურებისა. არაერთი შემთხვევა აირბალონების აფეთქებისა სწორედ ამ გაზგასამართ სადგურებში მომხდარა. ჩვენი პოზიცია არის ის, რომ ავტომობილების შემოწმება აუცილებელია ყველა პარამეტრით და ეს ერთიან სისტემაში უნდა იყოს განხილული. თუ ავტომობილების შემოწმება ერთიან სისტემაში იქნება მოქცეული, მაშინ მათი შემოწმება უფრო გაადვილდება. აუცილებელია ტექდათვალიერების შემოღება და ყველა სტანდარტის დაცვა. ცალკე აირბალონიანი ავტომანქანების დათვალიერება და ცალკე ტექნიკური შემოწმება ეფექტიანი არ იქნება.

ვასილ ურუშაძის თქმით, ტექდათვალიერებას პირველ რიგში ყვითელი მიკროავტობუსები ვერ გაივლიან, რომლებიც თვითნებურად გადაიყვანეს ბუნებრივ აირზე: „ამ მიკროავტობუსებს ძრავი შეუცვალეს და მათი კონსტრუქციაც მთლიანად შეცვალეს, ამიტომ ისინი სრულყოფილ ტექდათვალიერებას ვერ გაივლიან. ასეთი მანქანების მხოლოდ ვიზუალურ დათვალიერებას, ან მხოლოდ მათი აირბალონების შემოწმებას კი აზრი არა აქვს, ისინი ძირეულად უნდა შემოწმდეს, სწორედ ამიტომ არის საჭირო ტექდათვალიერების შემოღება“, - აცხადებს ურუშაძე.

ხათუნა ჩიგოგიძე

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე