თხილის ფასი ბოლო წლების მინიმუმზეა

თხილის ფასი 3 ლარამდე დაეცა. ეს ყველაზე დაბალი ნიშნულია, რაც ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. როგორც გაზეთი "რეზონანსი" წერს, რაც შეეხება ნედლ თხილს, ის 2 ლარი ღირს, თუმცა ჩამბარებელ პუნქტებში ახალ პროდუქტს ჯერჯერობით არ ყიდულობენ. შარშან ამ დროს თხილი 8 ლარი ღირდა. მეწარმეების ვარაუდით, წელს თხილის ფასი ამ მაჩვენებელს ვერ მიაღწევს. შესაძლოა, საშემოდგომოდ მისი ღირებულება 5-8 ლარამდე გაიზარდოს.

დასავლეთ საქართველოს მოსახლეობა თხილის დაბალ ფასს უკვე შეეჩვია, პროდუქტის გაიაფების მიზეზებზე ბოლო დროს აქტიურად არავინ საუბრობს. ყველას იმედი აქვს, რომ "იაფი თხილის" ხანა დასრულდება და პრდუქტის ხელსაყრელი რეალიზაციის შესაძლებლობა მიეცემათ.

რამდენიმე თვეა, რაც დასავლეთ საქართველოში, თხილის ფასი მკვეთრად ეცემა. ადგილობრივთა ინფორმაციით, 1 კილოგრამ თხილზე 3,40 ლარი რეკორდულად დაბალი ფასია, რაც კი ბოლო წლების განმავლობაში დაფიქსირებულა. თხილის მიმღებ პუნქტებში ამბობენ, რომ შარშან ამ დროს თხილი 8-10 ლარი ღირდა.

თხილის ქარხნის წარმომადგენელი სამეგრელოს რეგიონში ლადო გერგედავა ამბობს, რომ ფასი მუდმივად იცვლება და არ არის გამორიცხული, მომდევნო დღეების განმავლობაში ცოტათი მოიმატოს. ამ ეტაპზე რამ გამოიწვია გაიაფება, გერგედავასთვის უცნობია. მისი ინფორმაციით, მარაგი თითქმის ყველა რაიონში შემორჩა და ზუგდიდში მოქმედ ქარხნებს ყოველდღიურად 2-3 ტონამდე თხილის მიღება უწევთ.

"ფასის პროგნოზირება ყოველთვის ჭირს, წინასწარ ამის განსაზღვრა შეუძლებელია. გუშინწინ ხალხს 1 კგ თხილის ჩაბარება 3,40 ლარად შეეძლო, მაგრამ ახლა ფასი კვლავ დაბლა წამოვიდა. ამან ხალხს იმედი გაუცრუა (გაძვირებას ელოდნენ), ძველი მოსავალი ალაგ-ალაგ შემორჩა და წესით, გაცილებით ძვირი უნდა ღირდეს. ამ ეტაპზე აქტიური შესყიდვა არ მიმდინარეობს, მაგრამ ქარხნები ყოველდღიურად 2-3 ტონამდე თხილს მაინც იბარებენ. სხვა დროს ეს მაჩვენებელი 15-20 ტონას აჭარბებს. აქტიურ სეზონზე კი ათეულობით ტონა თხილის მიღებაა შესაძლებელი. ვფიქრობთ, არსებული მარაგი აგვისტოს ბოლომდე შენარჩუნდება, ხოლო სექტემბრიდან ახალი თხილის შესყიდვას დავიწყებთ", - ამბობს ლადო გერგედავა.

როგორც აღვნიშნეთ, ნედლ, ჯერ კიდევ მსხმოიარე ნაყოფს ხალხი წინასწარ 2 ლარად ყიდის, თუმცა ბოლო დროს ასეთ პროდუქტზე მოთხოვნა არც შეიმჩნევა.

"წინა სეზონი დიდი ხნის წინ დამთავრდა, მაგრამ ცოტ-ცოტა მარაგი თითქმის ყველა ოჯახშია. შესაბამისად, ნედლ თხილზე მოთხოვნა შემცირა. 4-5 წლის წინ ეს პროდუქტი კარგად იყიდებოდა, მაგრამ ნარგაობა ხალხმა მასიურად გააშენა და მარაგიც მეტ-ნაკლებად საკმარისია. ოჯახს ძალიან თუ არ უჭირს, თხილს წინასწარ არ გაყიდის. ბოლოს და ბოლოს, დიდია ზარალი, მისი ღირებულების ნახევარსაც ვერ იღებენ", - ამბობს ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფელ კახათის მცხოვრები ზაურ შარანგია.

გურიაში ხალხი იმაზე ჩივის, რომ ფასის ზრდას ელოდა, საუკეთესო ხარისხის თხილი გადანახული ჰქონდათ და ახლა მის გაყიდვას 3 ლარადაც ვერ ახერხებს. ზოგადად კი, თხილის მიმღებთა კეთილსინდისიერ მუშაობაზე აქცენტს აკეთებენ რიგითი მეურნეები და ამბობენ, რომ თუ წელსაც გამოვლინდება ცუდი, უხარისხო თხილის ხარისხიანში არევის ფაქტი, ფასზე ცუდად იმოქმედებს.

"რა ეშველება ხალხს, ბევრს აქვს შენახული ხარისხიანი და კარგი თხილი. ფასის მომატებას ელონენ და სულ უკან მიდის საქმე. ამინდი თხილზე იშვიათად ახდენს გავლენას და შენახვის განსაკუთრებულ პირობებსაც არ საჭიროებს, მაგრამ ფასს არაფერი შველის. ამ დრომდე ძველი მარაგი მოსავალი ძალიან ცოტას შემორჩა, ნედლი თხილი კი ჯერ არავის უნდა", - ამბობს ლენა სიორიძე, ოზურგეთის მკვიდრი.

როგორც ცნობილია, მთავრობამ უკვე მიიღო რეგულაცია, რომლის თანახმად თხილის ჩაბარების დროს მოხდება კონტროლი, რაც მრავალწლიან პრობლემას აუცილებლად მოხსნის.

გლეხებს ახლა მთავარი აქცენტი ხარისხზე აქვთ, თუმცა ესეც ცალკე პრობლემაა. დასავლეთ საქართველოში თხილს "ნაცარი" სეზონის დასაწყისშივე გაუჩნდა, რამაც შეიძლება ნაყოფის ხარისხზე ცუდი გავლენა მოახდინოს.

"დაავადების აღმოჩენისთანავე მთელი პლანტაციები შეიწამლა, თუმცა აქა-იქ მცირე კერებია, სადაც დაავადება ჯერ კიდევ შეინიშნება. პრობლემაა მთელ დასავლეთ საქართველოში. შეიძლება, ამის გამო ხარისხის პრობლემა განჩდეს. ეს ქნება კიდევ ერთი საბაბი, რომ თხილზე დაბალი ფასი შენარჩუნდეს. იმედი მაქვს, ასე არ მოხდება, რადგან ნაყოფს ჯერჯერობით დაავადება არ აქვს მოდებული და არც ხარისხის გაუარესება შეიმჩნევა", - ამბობს ოზურგეთელი ნანული მჟავია.

თხილის ფასი, დასავლეთ საქართველოსთან შედარებით კიდევ უფრო დაბალია ოკუპირებულ აფხაზეთში. გალელები ჩივიან, რომ ბოლო ერთი კვირაა პროდუქტზე ფასი საგანგაშოდ შემცირდა. მათი ინფორმაციით, როდესაც ზუგდიდის ბაზარში თხილი 3 ლარი ღირს, აფხაზეთში 50-70 თეთრით უფრო იაფად იყიდება. შესაბამისად, მათთვის ზუგდიდში თხილის გადატანა გაცილებით ხელსაყრელია, თუმცა ბოლო დროს ამას ვერ ახერხებენ. ამის მიზეზი კი ე. წ. სასაზღვრო გამშვებ-პუნქტებზე დაწესებული "ბაჟია". აფხაზეთის დე ფაქტო მთავრობის განკარგულებით, 1 კილოგრამი თხილის სამეგრელოში გადატანა 120 ლარი ღირს. ამიტომაც ზუგდიდის თხილის მიმღებ პუნქტების მფლობელთა ინფორმაციით, წელს აფხაზეთიდან თხილი თითქმის არ მიუღიათ.

მარი ჩიტაია

გაზეთი "რეზონანსი"

იხილეთ ვიდეო PALITRANEWS-ზე