დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის შემოტანის ფაქტზე ორი პირი დააკავეს

ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურისა და შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის თანამშრომლებმა საქართველოს ტერიტორიაზე, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, დიდი ოდენობით ოქროს ნაკეთობის გადმოტანის ფაქტი გამოავლინეს.

როგორც ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურში აცხადებენ, გამოძიების მიერ დადგინდა, რომ ბრალდებულებს, სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქეებს არსენ მარგარიანს და სერბუჰ პეტროსიანს, საბაჟო გამშვები პუნქტის, ,,სადახლო-საავტომობილოს’’ გავლით, საბაჟო კონტროლისაგან მალულად, სპეციალურად მოწყობილი სამალავის გამოყენებით, საქართველოს ტერიტორიაზე დიდი ოდენობით უმაღლესი სინჯის ოქროსა და ბრილიანტის საიუველირო ნაკეთობები შემოჰქონდათ.

საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, აღნიშნული კანონდარღვევისათვის არსენ მარგარიანი და სერბუჰ პეტროსიანი საგამოძიებო სამსახურმა სისხლის სამართლის პასუხისგებაში მისცეს. „დანაშაულებრივ ფაქტზე გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 214-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თერთმეტ წლამდე ვადით“, - ნათქვამია ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.