დიმიტრი ქუმსიშვილმა და ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა ორი ქვეყნის „მრგვალ მაგიდაში“ მიიღეს მონაწილეობა

საქართველოს პირველმა ვიცე პრემიერმა, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა დიმიტრი ქუმსიშვილმა და საქართველოში სამუშაო ვიზიტად მყოფმა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრმა ფრანკ-ვალტერ შტაინმაიერმა მონაწილეობა მიიღეს მრგვალი მაგიდის მუშაობაში, რომელიც საქართველოს-გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობის საკითხებს მიეძღვნა.

როგორც ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროდან აცხადებენ, შესავალ სიტყვაში პირველმა ვიცე-პრემიერმა დიმიტრი ქუმსიშვილმა დადებითად შეაფასა გერმანიის საგარეო საქმეთა მინისტრის ვიზიტი საქართველოში და განაცხადა, რომ ის კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოსა და გერმანიას შორის არსებულ მეგობრულ და მჭიდრო ურთიერთობებს მრავალი მიმართულებით. დიმიტრი ქუმსიშვილი ასევე მიესალმა გერმანული კომპანიების დაინტერესებას საქართველოს ბაზრით.

სამინისტროს ინფორმაციით, მრგვალ მაგიდაზე მხარეებმა ისაუბრეს ზოგად პლატფორმაზე, თუ როგორ შეიძლება საქართველოში მეტი გერმანული ინვესტიცია შემოვიდეს. ბოლო სტატისტიკით, საქართველოს ეკონომიკაში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკიდან 350 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა შემოსული, რაც შეეხება სავაჭრო ბრუნვას, ორ ქვეყანას შორის ეს მაჩვენებელი ყოველწლიურად 500 მილიონ აშშ დოლარზე მეტია.

პირველი ვიცე-პრემიერ დიმიტრი ქუმსიშვილის განცხადებით, სავაჭრო-ეკონომიკური და საინვესტიციო პოტენციალი საქართველოსა და გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას შორის არსებულზე გაცილებით დიდია. მისი თქმით, ქართული მხარე მიესალმება მეტი გერმანული ინვესტიციის განხორციელებას საქართველოს ბაზარზე, რაც შეუწყობს ქვეყანაში როგორც ცოდნის შემოსვლას, ისე ახალი სამუშაო ადგილების შექმნას.

მრგვალ მაგიდას ორი ქვეყნის სამთავრობო და ბიზნეს წრეების წარმომადგენლები დაესწრნენ.