„საპარტნიორო ფონდმა“ „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის გაცნობის მიზნით მოსახლეობასთან შეხვედრა გამართა

„საპარტნიორო ფონდმა“ და საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ გაცნობის მიზნით მცხეთა-მთიანეთის რეგიონის მოსახლეობისთვის შეხვედრა გამართეს.

როგორც „საპარტნიორო ფონდში“ აცხადებენ, „სტარტაპ საქართველოს“ პროგრამის კოორდინატორებმა მოსახლეობას ინფორმაცია მიაწოდეს პროგრამის დეტალებზე, მასში მონაწილეობის წესების და პირობების შესახებ.

საპარტნიორო ფონდმა და ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტომ „დამწყები საწარმოების (სტარტაპების) ხელშეწყობის პროგრამის“ განხორციელება 17 ივნისიდან დაიწყო. პროგრამის მიზანია, მათ, ვისაც არ აქვს ფინანსური სახსრები, მიეცეთ შანსი, სიახლეზე ორიენტირებული ბიზნესიდეები განახორციელონ და საკუთარი ბიზნესი დაიწყონ. პროგრამის განხორციელების პირველ ეტაპზე სახელმწიფო 11 მილიონ ლარს გამოყოფს, რომლითაც ინოვაციური და მაღალტექნოლოგიური სტარტაპები დაფინანსდება. სამომავლოდ, უფრო მეტი სტარტაპის დაფინანსების მიზნით, პროგრამის ბიუჯეტი შესაძლოა 35 მილიონ ლარამდე გაიზარდოს. პროგრამის მონაწილე შეიძლება გახდეს საქართველოს ნებისმიერი მოქალაქე პირი ან პირთა ჯგუფი, ვისაც აქვს სიახლეზე ორიენტირებული და პერსპექტიული ბიზნესწინადადება და მისი განხორციელებისთვის ესაჭიროება საწყისი დაფინანსება. საპარტნიორო ფონდის მიერ სპეციალურად შექმნილი შვილობილი კომპანია “სტარტაპ საქართველო“ თითოეულ დაფინანსებულ ბენეფიციართან ერთად შექმნის ახალ კომპანიას (სტარტაპს), რომელშიც ფონდი კაპიტალის სახით შეიტანს 15 000 ლარიდან 100 000 ლარამდე. ამ მოდელით, პროგრამის ბენეფიციარს თანამონაწილეობის სახით, მხოლოდ პროექტის ჯამური ღირებულების მინიმუმ 10%-ის ოდენობის თანხის შეტანა მოუწევს, ხოლო მისი ბიზნეს იდეა ავტომატურად შეფასდება, როგორც ერთობლივი კომპანიის კაპიტალში სულ მცირე 45%-იანი შენატანი. შესაბამისად, მხოლოდ 10%-იანი თანხობრივი თანამონაწილოების პირობებში პროგრამის ბენეფიციარი ხდება 50%-იანი ან მეტი წილის მფლობელი ახალ კომპანიაში. ამასთან, შემდგომში ბენეფიციარს მიეცემა შესაძლებლობა, გამოისყიდოს ფონდის წილი ერთობლივ კომპანიაში შეღავათიანი პირობებით ან მოიძიოს სხვა ინვესტორები. უნიკალური ინოვაციური იდეის შემთხვევაში საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო მაქსიმუმ 100 000 ლარის ოდენობით დააფინანსებს მაღალტექნოლოგიური დარგის სტარტაპებს. ასეთ დროს ბენეფიციარს აღარ მოეთხოვება პროექტის თანადაფინანსება და მისი წილი კომპანიაში 95% იქნება. განაცხადების მიღება დაიწყო 2016 წლის 17 ივნისიდან და გაგრძელდება 31 ივლისის ჩათვლით. განაცხადის ფორმა, შევსების წესი და პროგრამის შესახებ დეტალური ინფორმაცია განთავსდა სპეციალურად შექმნილ ინტერნეტ გვერდზე - www.startupgov.ge. პროგრამაში მონაწილეობის მსურველებს ასევე ემსახურებიან ტექნოლოგიური პარკის შენობაში, სადაც განთავსებულია პროგრამის ფრონტ-ოფისი. ასევე მოქმედებს სატელეფონო ცხელი ხაზი: +995 322900030. პროექტების შერჩევა მოხდება კონკურსის წესით.

შემდეგ პრეზენტაციას საპარტნიორო ფონდის მენეჯმენტი 4 ივლისს თელავში გამართავს. ამასთან, მოსახლეობის უკეთ ინფორმირებისთვის, პროგრამის კოორდინატორები დაინტერესებულ პირებს იწვევენ ღია კარის დღეზე, რომელიც 14 და 28 ივლისს, 19:00 საათზე, ოქროყანაში, ტექნოლოგიურ პარკში გაიმართება.