სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთში სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა

სეტყვის საწინააღმდეგო სისტემამ კახეთის რეგიონში მასშტაბური სეტყვასაშიში ღრუბლის მასები გაანეიტრალა.

როგორც „დელტაში“ აცხადებენ, 30 ივნისის დღის მეორე ნახევრიდან დასავლეთ საქართველოდან აღმოსავლეთის მიმართულებთ მასშტაბური ფრონტალური ღრუბლის მასები შემოვიდა, 19:20 საათისთვის ნალექის მასა კახეთის რეგიონში შევიდა და თითქმის მთელი ტერიტორია მოიცვა. II, III და IV კატეგორიის ღრუბლები ეტაპობრივად გავრცელდა საგარეჯოს, თელავის, ახმეტის, გურჯაანის, ლაგოდეხის და დედოფლისწყაროს რაიონებში. ამას თან დაერთო საგარეჯოს რაიონში შიდამასიური ღრუბლის ჩამოყალიბებაც. სეტყვის მოსვლის ალბათობამ 70-80 % ს მიაღწია.

„დელტას“ სეტყვის საწინააღმდეგო სისტემის მართვის ცენტრის მიერ 30 ივნისის 19:28 საათიდან 1 ივლისის 00:02 საათამდე სეტყვასაშიში ღრუბლების მასშტაბური დამუშავება განხორციელდა. რამდენიმე ათეული სარაკეტო დანადგარიდან გასროლილი იქნა 100 ერთეულამდე ქართული წარმოების სეტყვასაწინააღმდეგო რაკეტა. დამუშავების შედეგად ნალექის სრული მასა წვიმის სახით ჩამოიცალა“, - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.