კურორტ გოდერძიზე ზაფხულის სეზონი 2 ივლისს გაიხსნება

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანია“ ზაფხულის სეზონს კურორტ გოდერძიზე, ოფიციალურად 2 ივლისს გახსნის.

როგორც შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიაში“ აცხადებენ, კურორტის პოპულარიზაციისა და განვითარების ხელშეწყობის მიზნით, აუცილებელია ზამთრის კურორტები გახდეს ოთხსეზონიანი.

ღონისძიებას დაესწრება საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ხელმძღვანელი სანდრო ონოფრიშვილი, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრი დავით ბალაძე და „ალიანს ჯგუფის“ მართველი პარტნიორი გიორგი ბიწაძე.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს შპს „მთის კურორტების განვითარების კომპანიის“ ორგანიზებით, 2 ივლისს, გოდერძის ტერიტორიაზე მოეწყობა საბანაკე ტერიტორია, სადაც ტურისტები შეძლებენ დაბანაკებას როგორც საკუთარი, ასევე ადგილზე ნაქირავები კარვებით. ბანაკიდან შესაძლებელია გასვლა სხვადასხვა საფეხმავლო მარშრუტებზე, როგორიც არის: ხიხანის ციხე, მწვანე ტბა, გაქვავებული ტყე, ბეშუმი და სხვა. აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი ახორციელებს ადგილობრივი გიდების გადამზადებას, რომლებიც ტურისტებს აღნიშნულ მარშრუტებზე მოემსახურებიან.

კომპანიის განცხადებით, 2016 წლის 2 აპრილს, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს პატრონაჟით „გოდერძის“ საინვესტიციო ფორუმი გაიმართა. ფორუმზე „გოდერძის“ საინვესტიციო შესაძლებლობები განიხილეს, სადაც პირველი დაინტერესებული ინვესტორი „ალიანს რეზორტი“ გამოვლინდა.

კომპანიის ინფორმაციით, კურორტის განვითარებისთვის მნიშვნელოვანია ინფრასტრუქტურული პროექტების განხორციელება. სამთო-სათხილამურო კურორტ „გოდერძიზე’’ საძირკველი ჩაეყარება დასასვენებელი კომპლექსის „ალიანს რეზორტის“ მშენებლობას, რომელიც 24 თვეში დასრულდება.

„100 ნომრიანი „ალიანს რეზორტი“ 3 120 კვ.მ ტერიტორიაზე აშენდება და ერთდროულად 250-მდე დამსვენებლის მიღებას შეძლებს. პროექტში დასაქმდება 100 ადამიანი, რომელიც ადგილობრივი მოსახლეობითაა დაკომპლექტებული. კომპლექსში იგეგმება თანამედროვე ინფრასტრუქტურის განვითარება: საცურაო აუზი, ტენისის კორტები, ბავშვთა გასართობი ცენტრი, ბარი, რესტორანი, გამაჯანსაღებელი კომპლექსი, კაზინო, საკონფერენციო დარბაზი, მიწისქვეშა და მიწისზედა ავტოსადგომი და სხვა. „ალიანს რეზორტი“ საერთაშორისო ხარისხისა და სტანდარტების შესაბამისად იქნება აშენებული“, - განაცხადეს კომპანიაში.

სამთო-სათხილამურო კურორტი „გოდერძი“ 2015 წლის 5 დეკემბერს გაიხსნა. კურორტზე არის გონდოლას და ბაბლის ტიპის საბაგირო. სათხილამურო ტრასის საერთო სიგრძე 8 კილომეტრია. მაქსიმალური სიმაღლე ზღვის დონიდან კი 2366 მეტრი.

კურორტზე ამ ეტაპზე განთავსებულია 7 საცხოვრებელი სასტუმროს ტიპის კოტეჯი, ასევე ერთი სასტუმრო და ადმინისტრაციული შენობა. სამთო-სათხილამურო კურორტ გოდერძის განვითარება 2011 წლიდან დაიწყო.

საბოლოო გეგმის მიხედვით, კურორტმა 7 ათასი დამსვენებლის ერთდროულად მიღება უნდა შეძლოს.