რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია გრძელდება

რძის მწარმოებელი კოოპერატივებისთვის სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება. როგორც სოფლის მეურნეობის სამინისტროში აცხადებენ, რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების ძლიერი ინტერესის გათვალისწინებით და პროგრამაში მათი მეტი ჩართულობის უზრუნველყოფის მიზნით „რძის მწარმოებელი სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების მხარდაჭერის სახელმწიფო პროგრამაში“ რეგისტრაცია 10 ივლისამდე გაგრძელდება.

მათივე ინფორმაციით, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს პროგრამაში მონაწილეობისათვის დადგენილი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადაეცემათ სხვადასხვა სიმძლავრის რძის მიმღებ-გადამამუშავებელი მცირე საწარმოები, რომლებიც აღჭურვილი იქნება ნედლი რძის კონტროლის საველე ლაბორატორიული ხელსაწყოებით.

სამინისტროს ცნობით, პროგრამაში მონაწილე სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებს მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის ჯიშობრივი გაუმჯობესებისა და პროდუქტიულობის ამაღლების მიზნით გადაეცემათ ხელოვნური განაყოფიერებისათვის საჭირო აღჭურვილობა. კოოპერატივები, ასევე მიიღებენ ტექნიკურ დახმარებას ტრეინინგების სახით.

სახელმწიფო პროგრამაში რეგისტრაცია შესაძლებელია დისტანციურად სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს ვებ-გვერდზე www.acda.gov.ge

სახელმწიფო პროგრამას სოფლის მეურნეობის სამინისტრო, სსიპ „სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივების განვითარების სააგენტოს“ მეშვეობით ახორციელებს.