ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, პარიზში 1997 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეზღუდვები დაუწესდათ

ჰაერის დაბინძურების შემცირების მიზნით, პარიზი ძველი წარმოების მანქანებზე შეზღუდვას აწესებს.

The Independent-ის ინფორმაციით, შეზღუდვა 1997 წლამდე გამოშვებულ მანქანებს შეეხება, რაც პარიზის ავტომობილების 10%-ს შეადგენს. დაწესებულ ზღვარს მიღმა გამოშვეულ მანქანებს საფრანგეთის დედაქალაქში კვირის სამუშაო დღეებში დილის 8 საათიდან საღამოს 8 საათამდე გადაადგილება შეეზღუდებათ, 30 წლის ავტომანქანები კი საერთოდ აიკრძალება.

საფრანგეთში მანქანებზე დაწესებული შეზღუდვა 2020 წლამდე გამკაცრდება და გადაადგილების უფლება მხოლოდ 2011 წლის ავტომანქანებსა და 2015 წლის მოტოციკლებს ექნებათ.

ბრიტანული გამოცემის ცნობით, აკრძალვის დარღვევის შემთხვევაში 35 ევროს ოდენობის ფინანსური ჯარიმა იმოქმედებს. თუმცა, 2016 წლის ბოლოდან ჯარიმის ოდენობა გაიზრდება.

საფრანგეთის საზოგადოებრივი ჯანდაცვის სააგენტოს მონაცემებით, ჰაერის დაბინძურების შედეგად საფრანგეთში ყოველწლიურად 48 ათასი ადამიანი იღუპება. მსოფლიოში კი გარდაცვლილთა რაოდენობა 3 მილიონ 700 ათასს აღწევს.

საფრანგეთის ხელისუფლების განმარტებით, ჰაერის დაბინძურებასთან გამკლავება ქვეყანას ყოველწლიურად 100 მილიარდი ევრო უჯდება.