ბაქოში მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარე საკითხები განიხილეს

ბაქოში მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარე საკითხები განიხილეს.

როგორც ეკონომიკის სამინისტროში აცხადებენ, აზერბაიჯანში ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო ხაზის მარაბდა-კარწახის მონაკვეთის რეაბილიტაციის, რეკონსტრუქციისა და მშენებლობის 25-ე ორმხრივი საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გაიმართა, რომელსაც საქართველოს პირველი ვიცე-პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი და აზერბაიჯანის ტრანსპორტის მინისტრი ზია მამედოვი უძღვებოდნენ. საბჭოს სხდომაში ასევე მონაწილეობდა საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილე დავით ხუციშვილი.

სამინისტროს ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა ისაუბრეს საქართველოსა და აზერბაიჯანზე გამავალი სატრანზიტო დერეფნის განვითარების მნიშვნელობაზე, ასევე იმ ინფრასტრუქტურულ პროექტებზე, რომელთა განხორციელებაც აღნიშნული მიმართულების კონკურენტუნარიანობას მნიშვნელოვნად გაზრდის.

სამინისტროს განცხადებით, ასეთ პროექტებს შორისაა ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზა, რომელსაც შეუძლია მნიშვნელოვნად შეამციროს ტრანზიტის ხანგრძლივობა ევროპასა და ჩინეთს შორის. სხდომაზე მხარეებმა განიხილეს მარაბდა-კარწახის სარკინიგზო მონაკვეთის მშენებლობა-რეკონსტრუქციის მიმდინარეობასთან დაკავშირებული საკითხები, მოისმინეს ანგარიში შესრულებული სამუშაოების შესახებ და შეთანხმდნენ იმ ქმედებებზე, რომლებიც მნიშვნელოვანია ბაქო-თბილისი-ყარსის რკინიგზის სრულფასოვანი ამოქმედებისთვის.

ვიზიტის ფარგლებში ასევე გაიმართა დიმიტრი ქუმსიშვილის პირისპირ შეხვედრა ზია მამედოვთან, რომლის დროსაც საქართველოსა და აზერბაიჯანს შორის ტრანსპორტის სფეროში თანამშრომლობის განვითარების საკითხები განიხილეს.