აფბა - კონკურენციის სააგენტომ „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა უნდა დაიწყოს

ახალგაზრდა ფინანსისტთა და ბიზნესმენთა ასოციაციის ანალიტიკოსი ანდრია გვიდიანის განცხადებით, „სოკარის“ სახით, ბუნებრივი აირის ბაზარზე ერთი მონოპოლისტი მომწოდებელი ოპერირებს, რაც კონკურენტული გარემოს ფორმირებას და ქართველ მომხმარებლებს აზარალებს.

„აფბას“ წარმომადგენლის თქმით, აუცილებელია, რომ კონკურენციის სააგენტომ დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების კუთხით, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევა დაიწყოს.

„გაზგასამართი სადგურების მფლობელების განცხადებით, საავტომობილო გაზის ბაზარზე „სოკარი“ არაკეთილსინდისიერი მოთამაშეა, რაც იმაში გამოიხატება, რომ კომპანია საკუთარ ქსელში გაცილებით დაბალ ფასად ანაწილებს ბუნებრივ აირს, ვიდრე სხვა გაზგასამართი სადგურებში. ბუნებრივია, ასეთი ვითარება ერთმნიშვნელოვნად აზარალებს საავტომობილო გაზის ბაზარს. როგორც ვიცით, კონკურენციის სააგენტომ ბუნებრივი აირის ბაზარი ერთხელ უკვე შეისწავლა, თუმცა ამ მოკვლევას კონკრეტული შედეგები არ მოჰყოლია, რამდენადაც ბაზრის შესწავლა კარტელური ფასებით ოპერირების კუთხით მიმდინარეობდა. ახლა კი საუბარია იმაზე, რომ სააგენტომ კონკრეტულად „სოკარის“ საქმიანობა უნდა შეისწავლოს და სანქციები აღნიშნული კომპანიის წინააღმდეგ უნდა გატარდეს. რა თქმა უნდა, გაზგასამართი კომპანიების მიერ, გამოთქმული ეჭვი „სოკარის“ მხრიდან, დომინანტური მდგომარეობის ბოროტად გამოყენების შესახებ, საფუძვლიანია, რასაც ადეკვატური რეაგირება სჭირდება. ვფიქრობ, რომ დღესდღეობით, საქართველოს კონკურენციის სააგენტოს სახით, არსებობს ორგანო, რომელიც ბაზარზე არსებულ გამოწვევებს ადეკვატურად პასუხობს. ამდენად, გარდაუვლად მიმაჩნია სააგენტოს მხრიდან, „სოკარის“ წინააღმდეგ მოკვლევის დაწყება“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.

მისივე თქმით, მოკვლევის საფუძველზე თუ დადგინდება, რომ აღნიშნული ეჭვი სიმართლეს შეესაბამება, „სოკარის“ წინააღმდეგ შესაბამისი ზომები უნდა გატარდეს.

“ბუნებრივია, სახელმწიფოს მხრიდან, კანონდარღვევაზე ადეკვატური რეაგირება ხელს შეუწყობს საავტომობილო გაზის ბაზრის კონკურენტული გარემოს გაუმჯობესებას და მოთამაშეებისთვის სამართლიანი თამაშის წესების დამკვიდრებას“, - განაცხადა ანდრია გვიდიანმა.