ოთარ დანელია ნიდერლანდების სამეფოში მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობების მუშაობის სპეციფიკას გაეცნო

სოფლის მეურნეობის მინისტრმა ოთარ დანელიამ, ქართული დელეგაციის წევრებთან ერთად, ნიდერლანდების სამეფოში სამუშაო ვიზიტის ფარგლებში, მაღალტექნოლოგიური სასათბურე მეურნეობები დაათვალიერა და მუშაობის სპეციფიკას გაეცნო.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ჰოლანდია სასოფლო-სამეურნეო კულტურებისა და ყვავილების სასათბურე მეურნეობების განვითარების მიმართულებით მსოფლიოში წამყვან პოზიციას იკავებს.

სოფლის მეურნეობის სამინისტროს დელეგაციის წევრები კომპანია „ლანსის“ სასათბურე მეურნეობაში იმყოფებოდნენ, სადაც 52 ჰა-ზე სხვადასხვა ჯიშის პომიდვრის წარმოება მიმდინარეობს. პროდუქციის ექსპორტი ევროპის ქვეყნებში ხორციელდება.

ქართული დელეგაციის წევრები კომპანიის „ჰოგენდორნი“ სათაო ოფისში, სასათბურე მეურნეობის ავტომატიზებული სისტემების ფუნქციონირების სპეციფიკას გაეცნენ. უმსხვილესი კომპანია „ჰოგენდორნი“ მომხმარებელს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში სთავაზობს სასათბურე მეურნეობების ავტომატიზებული სისტემების დანერგვისა და ექსპლუატაციის მიმართულებით სწვალების მომსახურებას. როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, კომპანია რამდენიმე წელია თანამშრომლობს ქართველ პარტნიორებთან, მზადაა საქართველოში მომსახურების არეალი გააფართოოს და მომხმარებელს უახლესი ტექნოლოგიები შესთავაზოს ქართველ პარტნიორებს.

ვიზიტის ფარგლებში, დელეგაციის წევრები სასათბურე მეურნეობების ტექნოლოგიებისა და კონსტრუქციების მწარმოებელ უმსხვილეს კომპანიაში „კიუბო“ სათბურის კონსტრუქციების წარმოების პროცესს ადგილზე გაეცნენ.

როგორც ოთარ დანელიამ აღნიშნა, სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვა ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა და შესაბამისად, საქართველოსთვის ამ მიმართულებით ჰოლანდიის გამოცდილების გაზიარება მნიშვნელოვანია.