”ბიბისი” - ლეონელ მესი, სავარაუდოდ, სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს

არგენტინელი ფეხბურთელი ლეონელ მესი, სავარაუდოდ, სასჯელის თავიდან აცილებას შეძლებს. ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

ტელეკომპანია ესპანურ მედიაზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ ესპანეთში მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, თუ სასჯელის ვადა ორ წელიწადზე ნაკლებია, ის შეიძლება იქნას მოხდილი პირობითად.

ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ არგენტინელი ფეხბურთელ ლეონელ მესის 21-თვიანი პატიმრობა მიესაჯა.

ბარსელონის სასამართლომ ლეონელ მესი საგადასახადო მაქინაციების განხორციელებაში ცნო დამნაშავედ.

თავისუფლების აღკვეთის გარდა, ცნობილ სპორტსმენს ასევე, 2 მილიონი ევროს ოდენობის ჯარიმა დაეკისრა.

ბარსელონის სასამართლომ ანალოგიური ბრალდებით დამნაშავედ ცნო ფეხბურთელის მამა ხორხე მესი, რომელსაც ასევე მიესაჯა თავისუფლების აღკვეთა.

გამოძიების ვერსიით, ორივე მათგანი საგადასახადო დეკლარაციების გაყალბებაში, გადასაგადების გადახდისკენ თავის არიდებაშია ბრალდებული, რამაც ესპანეთის ბიუჯეტი 4,1 მილიონი ევროთი დააზარალა.

სასამართლოზე ლეონელ მესიმ განაცხადა, რომ საკუთარი ფინანსური საქმეების შესახებ არაფერი იცოდა და „მხოლოდ ფეხბურთს თამაშობდა“.