სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის წესების დაცვას ურჩევენ

ზაფხულის სეზონზე ინფექციური დაავადებებისგან თავის დასაცავად, სპეციალისტები მოსახლეობას ჰიგიენის წესების და მალფუჭებადი პროდუქტების მაცივრის გარეშე მოხმარებისგან დაცვას ურჩევენ.

როგორც დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის არაგადამდებ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსმა ლელა სტურუამ განაცხადა, ზაფხულის სეზონისთვის განსაკუთრებით დამახასიათებელია დიარეის შემთხვევები, რისთვისაც ჰიგიენური წესების დაცვა ძალიან მნიშვნელოვანია.

„აუცილებელია ხშირად ხელების დაბანა. განსაკუთრებით ეს ეხება პატარებს, რომლებიც დაფორთხავენ. მწვანილი, ბოსტნეული და ხილი კარგად გარეცხილი უნდა იყოს და ისე უნდა მივირთვათ. მალფუჭებადი პროდუქტები უნდა ინახებოდეს მაცივარში. ის, რაც ორი-სამი საათი იქნება მაღალ ტემპერატურაზე, მისი მიღება რეკომენდირებული არ არის. უნდა მოვერიდოთ კრემიანი საკონდიტრო ნაწარმის მიღებას, განსაკუთრებით, როდესაც იგი სახლში მომზადებული არ არის და სადღაც ვყიდულობთ. ასევე, დაკონსერვებულ საკვებს, რომელსაც გავხსნით და შემდეგ მაცივრის გარეშე დავტოვებთ“, - განაცხადა სტურუამ.