განათლება ინტერნეტით - როგორ ვისწავლოთ მსოფლიოს წამყვან სასწავლებლებში სახლიდან გაუსვლელად

საუკეთესო და მაღალი დონის განათლება ოცდამეერთე საუკუნის ნამდვილი გამოწვევაა. დღეს ბევრი ადამიანისთვის უბრალოდ ოცნებად რჩება მსოფლიოს წამყვანი უნივერსიტეტების აუდიტორიაში მოხვედრა. წლების წინ მართლაც წარმოუდგენელი იყო, რომ ამ ოცნების ასრულება სახლიდან გაუსვლელად, მხოლოდ ინტერნეტის საშუალებით იქნებოდა შესაძლებელი. ახლა კი ეს რეალობაა.

არსებობს არაერთი საიტი, რომელთა დახმარებითაც განათლების მიღებას და სხვადასხვა მეცნიერებების დაუფლებას წამყვანი უნივერსიტეტების ლექტორებისა და პროფესორების ვიდეო-ლექციებით შეძლებთ. მსგავსი ონლაინ-პლათფორმებიდან ქართველ მომხმარებლებში განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობს: khanacademy, code.org, codecademy, Edx.Org, Skillshare, duolingo.

მართალია, განათლების მიღების ბარიერი ინტერნეტმა მნიშვნელოვნად შეამცირა, მაგრამ გარკვეული დაბრკოლებები ამ საკითხში მაინც არსებობს. საქართველოს მაგალითზე რომ ვიმსჯელოთ, აქ პრობლემას ხშირ შემთხვევაში ენის ბარიერი და ინტერნეტთან წვდომა წარმოადგენს.

ალბათ ბევრმა არ იცის, რომ რამდენიმე თვის წინ არასამთავრობო ორგანიზაცია Educare Georgia-ს უშუალო ხელმძღვანელობით, "ხანის აკადემიის" საიტი ითარგმნა ქართულ ენაზე, ასევე ქართულ ენაზე გახდა ხელმისაწვდომი ამავე პლატფორმის მათემატიკის ვიდეო გაკვეთილების 2000 წუთი და დაახლოებით 40 ათასი ინტერაქტიული სავარჯიშო.

ონლაინ განათლების მნიშვნელობასა და მის უპირატესობებზე ambebi.ge სწორედ Educare Georgia-ს დამფუძნებელს გიორგი ჯიბლაძეს ესაუბრა.

- ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია წელიწადნახევრის წინ დაფუძნდა. დღეს მსოფლიოში არაერთი ონლაინ პლატფორმა არსებობს და მაღალი დონის საგანმანათლებლო მასალაზე ხელმისაწვდომობა საქართველოშიც ბევრს უნდა ჰქონდეს. თუმცა საქართველოში, ისევე როგორც სხვა ბევრ ქვეყანაში გარკვეული ბარიერები იქმნება. მაგალითად, ენის ბარიერი, ინფორმაციის ნაკლებობა, ტექნიკის გამოყენება, ამ საკითხებში მასწავლებლებს და მოსწავლეებს ხშირად უჭირთ. ჩვენ ამ სამი ბარიერის აღმოფხვრაზე ვმუშაობთ. ვთარგმნით მსოფლიოს წამყვან საგანმანათლებლო პლატფორმებს. khanacademy ჩვენი ყველაზე დიდი პროექტია. ის უფასოა აბსოლუტურად ყველასთვის.

ამ ეტაპზე სასჯელაღსრულების სამინისტროსთან გვაქვს მოლაპარაკება, რომ არასრულწლოვანთა დაწესებულებებში მოხდეს khanacademy-ს დანერგვა.

- Khanacademy-სა და სხვა მსგავსი პლატფორმების უპირატესობებზე ისაუბრეთ. ..

- Khanacademy არის ონლაინ პლატფორმა, რომელზეც თავს იყრის ყველა ძირითადი მეცნიერება: ქიმია, ფიზიკა, ბიოლოგია, ხელოვნება, მსოფლიო ისტორია, ეკონომიკა, ძალიან მარტივად მოკლე გაკვეთილებით არის ახსნილი. Khanacademy-ს მთელ მსოფლიოში 30 მილიონი ადამიანი იყენებს და ძალიან პოპულარულია.

Codecademy უფასო პროგრამირების სწავლების პლატფორმაა. რაც შეეხება უმაღლეს განათლებას, უმაღლეს განათლებაში "კურსერა" და "ედიქსი" არის ყველაზე ცნობილი. (coursera.org; Edx.Org.) უფასოდ ენის შესწავლა "დუოლინგოზე" შეიძლება. (duolingo.com) ჩვენ გვინდა, რომ ქართულიდან იყოს შესაძლებელი ენის სწავლა აღნიშნულ პლატფორმაზე და ამ თემაზე მოლაპარაკებები უკვე დაწყებულია.

"ედიქსი" ჰარვარდისა და ემაიტის ერთობლივი პროექტია, "კურსერას" ძირითადი პარტნიორები კი სტენფორდი, ბერკლი, ბოსტონი არიან. ასევე სასარგებლო საიტია Skillshare. აქ სხვადასხვა საჭირო უნარების გამომუშავებაა შესაძლებელი, მაგალითად, უნარები სოციალურ მედიასა და მეწარმეობაში.

- რა უპირატესობები აქვს ონლაინ განთლებას?

- უპირატესობებიდან მთავარი ხელმისაწვდომობაა. თავისთავად ცხადია, რომ საქართველოდან სტენფორდის აუდიტორიაში მოხვედრა ძალიან რთულია. ამას ინტერნეტის საშუალებით, რა თქმა უნდა, მარტივად შეძლებ. მეორე - დადგენილია, რომ ლექციაზე სტუდენტი იშვიათად ახერხებს 100%-იან კონცენტრაციას. ვიდეოს დაპაუზებისა და ხელმეორედ მოსმენას, ამ მხრივ მნიშვნელოვანი უპირატესობები აქვს. ამასთანავე, ხაზგასასმელია, რომ პლათფორმებზე დგება ფორუმები, სადაც ნებისმიერ კითხვაზე 24 საათის განმავლობაში, საშუალოდ 12 წუთში ერთხელ იღებს მომხმარებელი სწორ პასუხს სტუდენტისგან ან თავად ლექტორისგან.

- როგორია ონლაინგანათლების მიმართ მოთხოვნა საქართველოში?

- შეიძლება ითქვას, რომ მზარდია. მაგალითად, "ხანის აკადემიის" ინგლისურ ვერსიას თვეში 6000 ადამიანი იყენებს, ძირითადად აბიტურიენტები და სტუდენტები. რომელბიც გამოცდების წინ, ძალიან ხშირად სარგებლობენ ამ პლატფორმით. Khanacademy-ის ქართული ვერსიის 500-მდე ვიდეო გაკვეთილს ბოლო 3 თვეში 40 ათასამდე ნახვა აქვს.

- რა ტიპის სეგმენტზეა გათვლილი ონლაინ კურსები და რა კატეგორიის ადამიანები არიან მომხმარებლები?

- ყველა შემთხვევაში მომხმარებლები ახალგაზრდები არიან. მათ შორის სკოლის მოსწალეები ან სტუდენტები. რადგან ტექნოლოგიასთან ხელმისაწვდომობა სწორედ მათ აქვთ გაცილებით დიდი. წვდომა ინტერნეტთან ასე თუ ისე, თითქმის მთელი ქვეყნის მასშტაბით არის, ოღონდ, რა თქმა უნდა, იმდენი არა, რაც დიდ ქალაქებში. საშუალოდ, მოსახლეობის დაახლოებით 40%-ს აქვს ინტერნეტის მოხმარების შესაძლებლობა. ონლაინ განათლების სისტემაში თბილისი და დიდი ქალაქები უფრო აქტიურად არიან ჩართული.

- ყველა საიტი სთავაზობს თუ არა მომხმარებელს შესაბამისი საფეხურის გავლის დამადასტურებელ სერთიფიკატს და როგორია ფასები?

- სერთიფიკატის აღებას საიტების უმრავლესობა სთავაზობს მომხმარებელს. სერთიფიკატის ფასი ძირითად შემთხვევაში 50 დოლარამდეა. სერთიფიკატის აღებისათვის დაფინანსების მოპოვებაც შესაძლებელია. ხელმისაწვდომობა ფასიან ონლაინ განათლების კურსებზეც ძალიან მაღალია. ვისაც სწავლა უნდა, უმაღლესი დონის ლექტორის კურსს ფასიან პლატფორმაზე 40-50 დოლარის ფარგლებში გაივლის.

ქრისტინე გამთენაძე

AMBEBI.GE