მოტყუებული მომხმარებელი და ერთჯერადი ფეხსაცმელები ცნობილი ბრენდისგან

სოციალურ ქსელ ”ფეიბუქზე” ერთ-ერთი მომხმარებელი თბილისში წარმოდგენილი ცნობილი თურქული ბრენდის მაღაზიის პროდუქციის მიმართ უკმაყოფილებას გამოთქვამს.

როგორც მომხმარებელი წერს, მის მიერ შეძენილი ფეხსაცმელი ერთჯერადი მოხმარების აღმოჩნდა. მაღაზიის კონსულტანტებმა კი ფეხსაცმელის შესახებ საჭირო ინფორმაცია არ მიაწოდეს.

”წარმოდგენაც არ გაქვთ, რას ყიდიან იქ - ერთჯერად ფეხსაცმელს! თუ მაინცდამაინც ძალიან მოგეწონებათ, ჯერ აუცილებლად გაარკვიეთ, რა დანიშნულებისაა და სად შეგიძლიათ ჩაიცვათ მათი ვიტრინებზე შემოწყობილი ნაირ-ნაირი ფეხსაცმელი. მე გეტყვით ჩემი გამოცდილებიდან, რომ მხოლოდ მშრალ იატაკზე, წითელ ხალიჩაზე და არამც და არამც - ოდნავ დასველებულ ასფალტზე“, - წერს ერთ-ერთი მომხმარებელი „ფეისბუქზე“.

მისივე განცხადებით, მაღაზიის მენეჯერმა განუმარტა, რომ ფეხსაცმელი ნატურალური ტყავის პადოშით არის დამზადებული და რომ სველდება, იბერება და ზიანდება.

„ამიტომ არ უნდა ჩაიცვათ წვიმაში. ყველამ იცის, ქალბატონო, რომ პადოშის ძირიანი ფეხსაცმლის დასველება არ შეიძლება და ჩვენს კონსულტანტებს არ სცალიათ, სათითაოდ აუხსნან კლიენტს", "მასიმო დუტის ფეხსაცმელიც ასეთია და არავინ აპროტესტებს" და ა.შ. ”, -  ციტირებს მომხმარებელი მაღაზიის მენეჯერის სიტყვებს.

მისივე თქმით, გაფუჭებული ფეხსაცმელი ხელოსანთან მიიტანა, რომელმაც აუხსნა, რომ ფეხსაცმლის სისველეში ჩაცმა არ შეიძლება.

”ბიზნესპრესნიუსი” შეეცედა გაერკვია, როგორ უნდა დაიცვან თავი მოქალაქეებმა ისეთი ნაწარმის შეძენისგან, რომელიც საკუთარ ფუნქციას ვერ შეასრულებს და მომხმარებლის მოლოდინებს არ გაამართლებს.

როგორც ”ბიზნესპრესნიუსს” იურისტმა ლევან ალაფიშვილმა განუცხადა, მომხმარებელს უფლება აქვს მიიღოს ინფორმაცია შესაძენ პროდუქტთან დაკავშირებით, ყიდვის გადაწყვეტილების მიღებამდე:

”ამ ეტაპზე საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულია მინიმალური სტანდარტი, ერთი არის სამოქალაქო, ხოლო მეორე პროდუქტისა და მომსახურების კოდექსი. ეს უკანასკნელი შეეხება სურსათს და ტექნიკურ საკითხებს, სხვა დანარჩენს სამოქლაქო კოდექსი არეგულირებს - ფეხსაცმელი იქნება ეს, საყოფაცხოვრებო ტექნიკა თუ სხვა. სტანდრტის არსი კი ძალიან მარტივია: გამყიდველმა მყიდველს უნდა მიაწოდოს გადაწყვეტილების მიღებისათვის საკმარისი, მინიმალური ინფორმაცია. ეს შეიძლება იყოს ხარისხი, მოხმარების წესები, უსაფრთხოების წესები ან გარანტია, ასეთის არსებობის შემთვევაში. ამ კონკრეტულ შემთხვევაში, თუ მომხმარებელი თვლის, რომ მას არ მიაწოდეს საკმარისი ინფორმაცია, მას შეუძლია თავისი უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეფექტური მექანიზმი, რომელიც ასეთ შემთხვევებში მოქმედებს, უფლების სასამართლო წესით დაცვაა”, - აცხადებს ლევან ალაფიშვილი.

მისივე თქმით, თუ მომხმარებელი პროდუქტის ყიდვის გადაწყვეტილებას მიიღებს, და პროდუქტი ნორმალური მოხმარების პირობებში დაზიანდება, ან მას აღმოაჩნდება ნაკლი, ამ შემთხვევაში სამოქალაქო კოდექსი გამყიდველს ავალდებულებს, ეს ნაკლი გამოასწოროს. ხოლო თუ ნაკლის გამოსწორება შეუძლებელია, მხოლოდ ამ შემთხვევაში გამყიდველს ან ნივთის შეცვლის, ან ზიანის ანაზღაურებისა და გადახდილი საზღაურის დაბრუნების ვალდებულება აქვს.

თამარ კორკოტაშვილი