აუდიტის სამსახური რიმა ბერაძის ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაციიდან და სამედიცინო დაწესებულებიდანაც ელოდება

სახელმწიფო აუდიტის სამსახური თბილისის საკრებულოს დეპუტატის, რიმა ბერაძის ქმედებასთან დაკავშირებით ინფორმაციას საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლისა და სამედიცინო დაწესებულებიდანაც ელოდება , - ამის შესახებ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის პარტიების ფინანსური საქმიანობის მონიტორინგის სამსახურის უფროსმა ზურაბ აზნაურაშვილმა განაცხადა.

როგორც აზნაურაშვილმა აღნიშნა, სახელმწიფო აუდიტის სამსახურის მიერ დღეს გაიმართა რიმა ბერიძის გამოკითხვა, რა დროსაც მის მიერ წარმოდგენილი იქნა დოკუმენტაცია და შესაბამისი ინფორმაცია საქმის გარემოებებთან დაკავშირებით.

”მნიშვნელოვანია დაზუსტება, თუ როდის მოხდა ღონისძიების დაგეგმვა, რამდენად კავშირშია საარჩევნო პერიოდთან და ვინ გაიღო გამოკვლევებისთვის საჭირო ხარჯები. ინფორმაციას ასევე ველოდებით საქველმოქმედო ორგანიზაციის წარმომადგენლისა და სამედიცინო დაწესებულებიდან, რათა დადგინდეს რამდენმა პირმა მიიღო მომსახურება და რა ღირებულების იყო ღონისძიება. სრული ინფორმაციის მიღების შედეგად მიღებულ იქნება გადაწყვეტილება თუ რა ტიპის დარღვევაა აღნიშნულ ქმედებაში - ეს არის ამომრჩევლის მოსყიდვა თუ უკანონო შემოწირულება”, - განაცხადა აზნაურაშვილმა.

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ”ქართული ოცნების” მიერ ამომრჩევლის სავარაუდო მოსყიდვის შესახებ ინფორმაციის შესწავლა გუშინ, „სამართლიანი არჩევნების“ მიმართვის საფუძველზე დაიწყო.

„სამართლიანი არჩევნების“ ინფორმაციით, 2016 წლის 30 ივნისს თბილისის საკრებულოს ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც, თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის ,,ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, ჩუღურეთის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძის ინიციატივითა და ორგანიზაციის ,,ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავალი“ ხელმძღვანელ ქეთევან ბარათელის ორგანიზებით, ჩუღურეთის რაიონში მდებარე საჯარო სკოლების პედაგოგებს უფასო სამედიცინო გამოკვლევები ჩაუტარდათ. აქცია წმინდა მიქაელის სახელობის კლინიკაში მოეწყო და მასში სკოლების 200-მდე თანამშრომელმა მიიღო მონაწილეობა.

„სამართლიანი არჩევნები“ მიიჩნევს, რომ საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატის რიმა ბერაძისა და „ქართული ოცნება - ჯანმრთელი მომავლის“ მიერ საჯარო სკოლის პედაგოგებისთვის უფასო სამედიცინო გამოკვლევის ჩატარება ამომრჩევლის მოსყიდვის ნიშნებს შეიცავს, რაც აკრძალულია „მოქალაქეთა პოლიტიკური გაერთიანებების შესახებ“ ორგანული კანონის 252-ე მუხლით.