როგორ გამოვიმუშაოთ და გავყიდოთ ჭარბი ელექტროენერგია

„მზის პანელების დაყენება ყველგან შეიძლება, მათ შორის, საკუთარი სახლის სახურავზეც“

21-ე საუკუნეში მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ცდილობენ მცირე სიმძლავრის ელექტროსადგურები მოამრავლონ და მაქსიმალურად შეუწყონ ხელი განახლებადი ენერგიის გამოყენებას. საქართველოც ცდილობს ამ ტენდენციას არ ჩამორჩეს. ამის დასტურია მეთოდოლოგია, რომელიც „სემეკმა“ შეიმუშავა - „სემეკის“ გადაწყვეტილებით, ორგანიზაცია, ან ფიზიკური პირი, რომელიც 100 კილოვატამდე სიმძლავრის ელექტროსადგურს ააშენებს, შეძლებს მთელი წლის განმავლობაში დაგროვილი ჭარბი ენერგია სურვილისამებრ განკარგოს, თუ სურვილი აქვს, კიდეც გაყიდოს. ამის თაობაზე „ბიზნესპრესნიუსს“ საქართველოს ენერგეტიკის მარეგულირებელი კომისიის („სემეკის“) წევრი გიორგი ფანგანი ესაუბრა:

„აღნიშნული რეგულაცია ძალაში 2016 წლის გაზაფხულზე შევიდა. მისი საფუძველი ჩადებულია კანონში „ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის შესახებ“, ხოლო დეტალური აღწერა - როგორ შეიძლება განხორციელდეს, ან რა პროცედურებია საჭირო, "სემეკმა" შეიმუშავა. პრინციპი ძალიან მარტივია: თუ 100 კილოვატამდე სიმძლავრის ელექტროსადგური საჭიროზე მეტ ენერგიას გამოიმუშავებს, სურვილის შემთხვევაში ჭარბ ენერგიას გაყიდის, ან კრედიტის სახით, მომავალი წლისთვის დაიტოვებს. ეს შეეხება ყველა სახის ელსადგურს - როგორც წყალზე მომუშავე, ასევე მზის, თუ ქარის ენერგიაზე მომუშავე ელექტროსადგურებსაც. მონაცემები მთელი წლის განმავლობაში დაჯამდება და ჭარბი ენერგიის საფასურს გამანაწილებელი კომპანია გადაიხდის“, - აცხადებს ფანგანი.

„სემეკის“ წარმომადგენლის თქმით, ეს სერიოზულ სტიმულს მისცემს მიკროელექტროსადგურების გამრავლებას საქართველოში:

გიორგი ფანგანი: „ამ რეგულაციის დახმარებით ნებისმიერ მომხმარებელს შეუძლია თავისი საჭიროებისთვის მოაწყოს მიკროელექტროსადგური - იქნება ეს ორგანიზაცია, თუ ფიზიკური პირი, დახარჯოს მისთვის საჭირო ელექტროენერგია და თუ მეტს გამოიმუშავებს, წლის ბოლოს გამანაწილებელ კომპანიაზე გაყიდოს. ეს ძალიან ადვილია: ნებისმიერ ადამიანს საკუთარ სახლშიც შეუძლია დააყენოს მზის პანელები და მიიღოს მზის ენერგია, რომელიც საკმარისი იქნება მისი ოჯახისთვის, ჭარბი ენერგია კი - სურვილისამებრ გამოიყენოს. მეთოდოლოგია გათვლილია ნებისმიერ მომხმარებელზე, ოღონდ, ერთი პირობით: მიკროელექტროსადგურის სიმძლავრე არ უნდა აღემატებოდეს 100 კილოვატს. უფრო მეტი სიმძლავრის ელექტროსადგურებს სულ სხვა რეგულაციები ეხება და ეს სულ სხვა თემაა“.

გიორგი ფანგანს მიაჩნია, რომ ეს იქნება ძალიან საინტერესო პროექტი, რომელშიც ჩაერთვებიან არა მხოლოდ კერძო პირები, არამედ ორგანიზაციებიც:

„ჩვენ გვაქვს ინფორმაცია, რომ ქალაქ თბილისის მერია აპირებს საკუთარი ენერგიის წყარო ჰქონდეს. ეს არის ძალიან პერსპექტიული მიმართულება, რომელსაც ევროპაში უკვე დიდი ხანია იყენებენ. მზის ენერგიის გამომუშავება ყველაზე ადვილია, რადგან მზის პანელების დაყენება ყველგან შეიძლება, მათ შორის, კორპუსის, ან საკუთარი სახლის სახურავზე, თუმცა ნებისმიერი წყაროს გამოყენება შეიძლება: იქნება ეს მზის, ქარის, თუ წყლის ენერგია. ადგილობრივი, იაფფასიანი ენერგია ყველასათვის ხელმისაწვდომი იქნება. არიან კომპანიები, რომლებიც ამ ახალი რეგულაციით უკვე სარგებლობენ, არიან ისეთებიც, რომლებიც ახლა აპირებენ ჩაერთონ“, - ამბობს გიორგი ფანგანი.

ამ ცვლილებას დადებითად აფასებს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი გიორგი აბულაშვილი. მისი შეფასებით, რეგულაცია ხელს შეუწყობს განახლებადი ენერგიის წყაროების ათვისებას საქართველოში:

„ძალიან კარგია, რომ მიკროსადგურები შეძლებენ შეუერთდნენ ცენტრალურ გამანაწილებელ ქსელს. მაგალითად, თუ საწარმოს აქვს მზის ელექტროსადგური და აწარმოებს საჭირო ენერგიას, სჭირდება 100 კვტ.სთ და გამოიმუშავა 120, მაშინ ამ 20 კილოვატის საფასურს გადაუხდის ქსელის მფლობელი - „თელასი“, „ენერგო პრო“, თუ „კახეთის დისტრიბუცია“... ეს არის საკანონმდებლო ცვლილება, რომლის საფუძველზეც „სემეკმა“ ტექნიკური მეთოდოლოგიაც შეიმუშავა“, - აცხადებს აგულაშვილი.

გიორგი აბულაშვილის აზრით, საქართველოში მცირე სიმძლავრის ელსადგურების რაოდენობა იმიტომ ვერ გაიზარდა, რომ არ არსებობდა შესაბამისი მეთოდოლოგია, არ იყო გარკვეული, როგორ მიერთებოდა ასეთი სადგური ცენტრალურ ქსელს:

„მე მახსოვს, რომ 2008 წელს გენერატორი დამონტაჟდა დევნილთა დასახლებაში, ეს გახლდათ ქარის ელექტროსადგური, რომელმაც ვერ იმუშავა, რადგან არ არსებობდა პროცედურები, თუ რა ურთიერთობა უნდა ჰქონოდათ მცირე ელსადგურებს და დიდ ენერგოკომპანიებს ერთმანეთთან. ახლა გორში შენდება დიდი ქარის ელსადგური. რაც შეეხება ქუთაისს, იქ ჩვენ ერთი პროექტი გვაქვს განხორციელებული, რომელიც „ტორპედოს“ საწვრთნელ ბაზაზე მოქმედებს. იქ ძალიან მცირე სიმძლავრის სადგურია ქსელთან მიერთებული. მომწონს, რომ ეს რეგულაცია ყველას შეეხება: თავის სახლთან, ღელეშიც რომ ჩადგას გენერატორი გლეხმა, მასაც შეუძლია ამ რეგულაციით ისარგებლოს. ეს სტიმულს მისცემს ელექტროენერგიის ადგილობრივ წარმოებას, ასევე, მზისა და ქარის ენერგიის გამოყენებას, რომელიც ეკოლოგიურად ყველაზე სუფთა და უხიფათოა. ოჯახსაც შეუძლია მზის პანელები დააყენოს და ამ გზით გადასახადები შეიმციროს, ან დამატებითი შემოსავალი მიიღოს. ყველაზე მთავარი კი ის არის, რომ რაც უფრო მეტი იქნება ასეთი ენერგია, მით უფრო ნაკლებად დაზიანდება ჩვენი ბუნება. ყველამ იცის - რაც უფრო პატარაა ელექტროსადგური, მით უფრო ნაკლები ზემოქმედება აქვს გარემოზე“, - აღნიშნავს ენერგოეფექტურობის ცენტრის ხელმძღვანელი.

ხათუნა ჩიგოგიძე