მოძრაობა ”სახელმწიფო ხალხისთვის“ მოსახლეობას 250-ლარიან პენსიას ჰპირდება

მოძრაობა “პაატა ბურჭულაძე - სახელმწიფო ხალხისთვის“ მოსახლეობას პენსიის 250 ლარამდე ზრდას ჰპირდება.ამის შესახებ პარტიის ეკონომიკური განვითარების გეგმაშია ნათქვამი, რომელიც მოძრაობის ლიდერებმა საზოგადოებას დღეს წარუდგინეს.

”მოძრაობის სამოქმედო გეგმა დასაქმების, ჯანდაცვის, სოციალური პოლიტიკის, ტურიზმის, სოფლის მეურნეობის და ენერგეტიკის სფეროებს ასევე გარემოს დაცვის პოლიტიკას მოიცავს. ბურჭულაძის პარტიის ეკონომიკური განვითარების გეგმის მიხედვით შემცირდება საშემოსავლო და მოგების გადასახადები, კერძოდ, 20%-ის ნაცვლად განისაზღვრება 15%-ით, ხოლო რეინვესტირებული მოგება გათავისუფლდება დაბეგვრისაგან. მეწარმეთა სტიმულირებისთვის გაიზრდება მიკრო და მცირე ბიზნესის განმსაზღვრელი, წლიურ ბრუნვაზე დაწესებულ ლიმიტები. რითიც უფრო მეტი მეწარმე შეძლებს მცირე ბიზნესისათვის განკუთვნილი შეღავათებით ისარგებლოს.

სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფ მოსახლეობას მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში გადახედვის გარეშე შეუნარჩუნდება მინიჭებული სტატუსი, რაც შექმნის მოტივაციას, უარი არ თქვან ალტერნატიულ შემოსავალზე, ანუ შანსზე, დაძლიონ სიღარიბე”, - აცხადებენ პარტიაში.

მათივე გეგმაში აღნიშნულია, რომ გაიზრდება მიზნობრივი სოციალური დახმარებები - სიღარიბის ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობის შემწეობა 50 პროცენტით, ხოლო პენსია 250 ლარამდე.

რაც შეეხება ჯანდაცვის მიმართულებას, როგორც პარტიის ეკონომიკური მიმართულების წარმომადგემლები განმარტავენ, „პაატა ბურჭულაძის მოძრაობა სახელმწიფო ხალხისთვის“ ჯანდაცვის პროგრამის მიხედვით მოხდება მიზნობრივი ჯგუფებისთვის მედიკამენტებზე ფინანსური ხელმისაწვდომობის გაზრდა.

”სოფლის მეურნეობის დარგის გრძელვადიანი და მდგრადი განვითარების მიზნით, ”პაატა ბურჭულაძის მოძრაობის” ეკონომიკური ხედვის მიხედვით შეიქმნება პროფესიული სასწავლებლები და სადემონსტრაციო მეურნეობები. განხორციელდება სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიწების სწრაფი პრივატიზაცია და მიწასთან დაკავშირებული საგადასახადო პოლიტიკის ოპტიმიზაცია. ასევე შემცირდება მიწის გადასახადი და მოხდება განაკვეთის დიფერენცირება მიწის ხარისხისა და დანიშნულების მიხედვით. საქართველოში წარმოებული პროდუქციის პოპულარიზაციისა და ექსპორტის გაზრდის მიზნით შეიქმნება ერთობლივი „ქართული“ ბრენდი”, - აცხადებენ პარტიაში.

რაც შეეხება ეკონომიკური პროგრამით გათვალისწინებულ ძირითად, მყისიერ ცვლილებებს: საშემოსავლო და მოგების გადასახადები იქნება - 15%; მცირე ბიზნესის ბრუნვაზე დაწესებული გადასახადი - 2%; დღგ-ს გადამხდელად რეგისტრაციის ზღვარი 200 000 ლარი; მიკრობიზნესად რეგისტრაციის ზღვარი 60 000 ლარი და ქონების გადასახადის ზღვარი 80 000 ლარი.

მათივე განმარტებით, არჩევნებში გამარჯვების შემთხვევაში დაწესდება 4 წლიანი გარანტია სოციალურ სტატუსზე; 50 %-ით გაზრდილი საარსებო შემწეობა; 250 ლარი პენსია და ჯანმრთელობის დაზღვევის მიზნობრივი პაკეტი - 240 ლარი.

”ეკონომიკური განვითარების 4 წლიანი გეგმის განხორციელების შედეგად, მივაღწევთ 10 პროცენტიან ეკონომიკურ ზრდას, ასევე მოვიზიდავთ 3 მილიარდამდე პირდაპირ უცხოურ ინვესტიციას; ტურისტების საერთო რაოდენობა გაიზრდება 8 მილიონამდე; კერძო სექტორში დაქირავებით დასაქმებულთა რაოდენობას გავზრდით 250 000-ით; ყოველი მესამე ღარიბი ადამიანი დაძლევს სიღარიბეს; ბიუჯეტის წილს მთლიან შიდა პროდუქტთან შევამცირებთ 30%-მდე; ბიუროკრატიული ხარჯების წილს სახელმწიფო ხარჯებში შევამცირებთ 27%-მდე”, - აცხადებენ პარტიაში.