თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსად გაიოზ თალაკვაძე დაინიშნა

თბილისის მუნიციპალიტეტის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურს ახალი უფროსი ჰყავს. თბილისის საკრებულომ მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის უფროსის თანამდებობაზე გაიოზ თალაკვაძეს 30 ხმით 2-ის წინააღმდეგ დაუჭირა მხარი. თავად გაიოზ თალაკვაძე საკრებულოში მის დანიშვნას არ ესწრებოდა.

გაიოზ თალაკვაძე საკრებულოს დეპუტატებს თბილისის მერის მოადგილემ გიორგი ლილუაშვილმა წარუდგინა და განაცხადა, რომ თალაკვაძის გამოცდილება დედაქალაქის პრობლემებს და გამოწვევებს სრულად პასუხობს.

რაც შეეხება თბილისის მერიის საფინანსო საქალაქო სამსახურის ყოფილ უფროსს ლევან თევზაიას, ლილუაშვილის ინფორმაციით, ის საქმიანობას კერძო სექტორში განაგრძობს. როგორც ლილუაშვილმა განაცხადა, თევზაიამ თანამდებობა პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა.