ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზებას იწყებს

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო, USAID-ის პროექტ ZRDA-ს ფარგლებში, რეგიონული ინოვაციების დღეების ორგანიზებას იწყებს.

როგორც ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში აცხადებენ, ურთიერთთანამშრომლობის შედეგად პირველი ღონისძიება ზუგდიდში, 12-13 ივლისს ჩატარდება.

”საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ადგილობრივ მოსახლეობას, ახალგაზრდებს, მეცნიერებსა და მეწარმეებს, ინოვაციების განვითარების კუთხით სახელმწიფოს ხედვას გააცნობს და საკუთარ პროგრამებს, პროექტებსა და სერვისებს წარადგენს. სააგენტო ასევე აქტიურად თანამშრომლობს მართვის აკადემიასთან, რომლის წარმომადგენელი შეხვედრაზე სამოტივაციო და ინფორმაციულ ლექციას ჩაატარებს მეწარმეობისა და ინოვაციების შესახებ. სააგენტოს პროგრამის ბიზნესინკუბატორის გუნდის წევრები საკუთარი „სტარტაპის“ გამოცდილებას გაუზიარებენ ადგილობრივ მოსახლეობას. შეხვედრაზე სამოტივაციო პრეზენტაციით წარსდგება წარმატებული დამწყები ბიზნესმენი, რომელიც თავის გამოგონებასა და იდეის რეალიზებაზე ისაუბრებს.

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო ზუგდიდში გამართულ ღონისძიებაზე ადგილობრივ მოსახლეობას ასევე გააცნობს ფინანსებთან წვდომის საუკეთესო ინსტრუმენტს და ჩაატარებს პრეზენტაციას პროგრამა „სტარტაპ საქართველოს შესახებ“, რომელიც 17 ივნისიდან მთავრობის 4-პუნქტიანი გეგმის ფარგლებში ამოქმედდა. „სტარტაპ საქართველოს“ დაწყების მიზანია მოქალაქეებს, განსაკუთრებით კი ახალგაზრდებს, რომლებსაც აქამდე ფინანსური რესურსის არქონის გამო არ შეეძლოთ ბიზნესის დაწყება, მიეცეთ უნიკალური შანსი განახორციელონ თავიანთი იდეები და დაიწყონ საკუთარი ბიზნესი. პროგრამის განხორციელების შედეგად ქვეყანაში სამეწარმეო სულისკვეთება ამაღლდება, გაჩნდება მრავალი ახალი კომპანია, შეიქმნება ახალი სამუშაო ადგილები და მოსახლეობას საკუთარი შემოსავლის წყარო გაუჩნდება. პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს საქართველოში ინოვატორების იდეებზე დაფუძნებული ბიზნესის განვითარებას და საერთაშორისო ბაზარზე გასვლას.

ზუგდიდში დაგეგმილ ღონისძიებაზე განთავსდება ,,სტარტაპ საქართველოს“ ფრონტ დესკი, სადაც ადგილობრივ მოსახლეობას შეეძლება მიიღოს კონსულტაცია და პროგრამის ფარგლებში შეავსოს მაღალტექნოლოგიური ბიზნესიდეის განაცხადები”, - აცხადებენ სააგენტოში.

მათივე განმარტებით, რეგიონებში ინოვაციური დღეების ორგანიზება საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოსა და USAID-ის მიერ კვლავ გაგრძელდება. შემდეგი ვიზიტები ახალციხეში, მარნეულსა და გორში არის დაგეგმილი.

”მსგავსი სახის ღონისძიების ჩატარების საბოლოო მიზანი ქვეყანაში საერთო სამეწარმეო გარემოს შექმნა და ახალგაზრდა, დამწყები ბიზნესმენების წახალისებაა ქვეყნის სწრაფი განვითარებისთვის”, - განმარტავენ ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოში.