საქართველოს გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება დროებით შეწყდა

10 ივლისიდან საქართველოს ტერიტორიის გავლით სომხეთისთვის რუსული გაზის მიწოდება შეწყდა. ამის შესახებ ნათქვამია „გაზპრომის“ შვილობილი კომპანიის, „გაზპრომ არმენიას“ ოფიციალურ განცხადებაში.

კომპანიის ცნობით, 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე რუსული გაზის ტრანზიტი საქართველოში დაწყებული სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო შეწყდება, რის შესახებაც ქართულმა მხარემ „გაზპრომ არმენიას“ ოფიციალურად აცნობა.

„საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანიამ ოფიციალურად აცნობა კომპანია „გაზპრომ არმენიას“ სომხეთში ბუნებრივი აირის მიწოდების დროებით შეწყვეტაზე 2016 წლის 10 ივლისიდან 10 აგვისტომდე, რაც უკავშირდება დაზიანებული მონაკვეთების რეაბილიტაციას, საქართველოს ტერიტორიაზე მაგისტრალურ გაზსადენ „ყაზახი-საგურამოზე“ სახაზო ჩამკეტი არმატურის შეცვლას და მეწყერის ჩამოწოლის რაიონში ახალი მონაკვეთის მიერთებას“, - ნათქვამია განცხადებაში.

„გაზპრომ არმენიას“ ცნობით, მომდევნო ერთი თვის განმავლობაში სომხეთი გაზის სარეზერვო მარაგს გამოიყენებს.