დავით ნარმანია - როცა ხეების დარგვა ხდება, იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება

ვაკე-საბურთალოს დამაკავშირებელ გზაზე, ხეების გახმობის საკითხს თბილისის მერი დავით ნარმანია გამოეხმაურა. როგორც ნარმანიამ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, გამხმარია დარგული ხეების მცირე რაოდენობა, რაც ბუნებრივი პროცესია.

თბილისის მერის განცხადებით, გამხმარი ხეების ჩანაცვლება უახლოეს პერიოდში დაიწყება.

”როცა ხეების დარგვა ხდება, იქიდან გარკვეული რაოდენობა, ბუნებრივია, ხმება, თუმცა მათი ჩანაცვლება ხდება მას შემდეგ, რაც ახალი სეზონი დადგება შემოდგომაზე. ის მცირე რაოდენობა, რაც გახმა, აუცილებლად ჩანაცვლდება, თუმცა თქვენ ხედავთ, რომ აბსოლუტური უმეტესობა არის გახარებული. იქ, სადაც ჩასანაცვლებელი იქნება, აუცილებლად ჩანაცვლდება. ჩანაცვლება ჩვენ ყველა კონტრაქტით გვაქვს გათვალისწინებული” , - განაცხადა დავით ნარმანიამ.